1 ნოემბერს სუპერლიგის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც 11 გუნდი
მიიღებს მონაწილეობას. ამდენ გუნდს საქართველოს ჩემპიონატში 2000–2001 წლების
სეზონის შემდეგ არ უთამაშია.
ბუნებრივია, გუნდების მომრავლების მიზეზი ეროვნული ნაკრების
წარმატებაა. ქვეყნის უპირველესმა საკალათბურთო გუნდმა საერთაშორისო არენაზე ჯერ
კიდევ 2 წლის წინ ითამაშა, როცა B დივიზიონიდან ელიტარულ A დივიზიონისკენ დაიწყეს
წარმატებული სვლა. ქართული კალათბურთის წარმატებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ მაშინ
დაიწყო, ამ აზრს ნიადაგი A დივიზიონში გადასვლამ გაუმყარა და როცა იგორ
კოკოშკოვის მიერ დამოძღვრილმა ნაკრებმა ამ ზაფხულს 8 შესარჩევი მატჩიდან 5 მოიგო, კალათბურთით
დაინტერესებამ ბოლო წლებში პიკს მიაღწია.
ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო კალათბურთით დაინტერესებას და ეროვნულ
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამაც 11–ს მიაღწია. თუმცა ეს ის
შემთხვევაა, როცა რაოდენობის მომატებით ხარისხი არ დაცემულა. თითქმის ყველა გუნდი
კონკურენტუნარიანია, რაც 19–25 ოქტომბერს გამართულმა დუდუ დადიანის მემორიალმაც
გამოაჩინა.
როგორც წინასასეზონო სიტუაცია გვკარნახობს, სუპერლიგის ეს სეზონი
საკმაოდ დაძაბული იქნება. მე–20 ჩემპიონატში ლეგიონერთა ყველა დროის რეკორდული
რაოდენობა დაფიქსირდა. „სოხუმს“ 3 ამერიკელი ჰყავს, „ენერჯი–ინვესტს“ 2
კამერუნელი, შსს–ს 1 ამერიკელი, „სამედიცინოს“ 1 კამერუნელი. ლეგიონერთა მოდინების
პროცესი არ განელებულა – შსს და თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ უახლოეს
მომავალში ამერიკელი ლეგიონერების ჩამოყვანას გეგმავენ, „ქუთაისს“ კი ლიტველი
ცენტრის შემატება გადაუწყვეტია. პლუს ამას, არაერთი ისეთი ქართველი მოთამაშე
დაბრუნდა სუპერლიგაში, რომელიც გასულ სეზონში საზღვარგარეთ თამაშობდა: დავით
უგრეხელიძე (სლოვენია), ლაშა ფარღალავა (NCAA, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (ესპანეთი),
თეიმურაზ ბაბუნაშვილი (რუსეთი), ბექა ჩიკვილაძე (ესპანეთი), გიორგი შარაბიძე
(ესპანეთი), გივი ბაქრაძე (ფინეთი) და ასე შემდეგ.
ერთი სიტყვით, კალათბურთის გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო სეზონი
ელით. თანაც, სპორტის სასახლეში შესვლა სუპერლიგის თამაშებზე უფასო იქნება.