მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელებთან ერთად მატჩის გამორჩეული მოთამაშეები – გიორგი ცინცაძე და ანტე ტომიჩი გამოცხადდნენ. თავდაპირველი სიტყვა მატჩის ბომბარდირის, გიორგი ცინცაძის იყო.
– ვულოცავ ხორვატიის ნაკრებს გამარჯვებას. დასანანი მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ეს კალათბურთის შემადგენელი ნაწილია. არის მატჩები, როცა ბოლო წამებზე გაგიმართლებს და მოიგებ, ზოგჯერაც ასე არ ხდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩემპიონატზე ასპარეზობა იმ მუხტით და მონდომებით, როგორც დავიწყეთ. წინ კიდევ 3 მატჩია და ახლა უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობთ. სლოვენია მასპინძელია, რომელიც საკუთარი ქომაგების თვალწინ თამაშობს და დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება.
ანტე ტომიჩი, ხორვატიის ნაკრების კალათბურთელი:
– ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს აუცილებელი იყო იმ მარცხის შემდეგ, რაც გუშინ ესპანეთთან განვიცადეთ. ხვალ დასვენებაა და ეს შეგვეშველება, რათა მომავალი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.
იგორ კოკოშკოვი:
– მივულოცავ ხორვატიას ამ გამარჯვებას. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. განსაკუთრებით ისიამოვნა გულშემატკივარმა, თუმცა ჩვენთვის ეს კარგი თამაში მარცხით დასრულდა. ხორვატიას საკმაოდ კარგი ფარის მოთამასეები ჰყავს, რომლებმაც თავის გუნდს უპირატესობა მოუპოვეს საჯარიმოში. არაა დასამალი, რომ ჩვენ ვითამაშეთ ზონური დაცვითი სისტემით, რამაც ნაწილობრივ გაამართლა, ნაწილობრივ – არა. ასეა, რაღაცა გამოვა, რაღაცა არა. ანტე ტომიჩი შესანიშნავი შემსრულებელია, რომელსაც მარცხენა ხელით შეუძლია ჩაგდება. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ბოლო მომენტში ვერ შევძელით მის წინააღმდეგ ეფექტური დაცვა. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა ტურნირი გრძელდება და ჩვენ წინ თამაშები გვაქვს, რომლებისთვისაც კარგად უნდ ამოვემზადოთ.
იასმინ რეპეშა, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
– ორივე გუნდს ვულოცავ ასეთ საინტერესო და კარგ თამაშს. გამარჯვებას ორივე იმსახურებდა, თუმცა ბოლო მომენტში იღბალი ჩვენს მხარეს იყო. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ მოსაგებად ბევრი რამ გავიღეთ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ფსიქოლოგიურად. საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად ჩაატარა მოსამზადებელი ეტაპის მატჩები, ასევე გუშინ პოლონეთთან მართლაც დიდებულად ითამაშეს. პირველ ნახევარში დაცვას უფრო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ რიკი ჰიკმანმა შემდეგ შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდო და მატჩიც თანაბრად გაგრძელდა. ჩვენ შევძელით მობილიზება და ბოლო წამებამდე ბოლომდე ბრძოლით გამარჯვებას მივაღწიეთ.