მას შემდეგ, რაც ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, ოლივერ ლაფაიეტი დაუშავდათ, ხორვატები ძირითადი გამთამაშებლის გარეშე დარჩნენ. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, რომელიც С ჯგუფს ზაგრებში მასპინძლობს, ბევრი ძიება არ დაუწყია და გუნდში დონტეი დრეიპერს უხმო.
დრეიპერი ხორვატიის ნაკრებში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, ხორვატიული პასპორტი აქვს და მისი გუნდში აყვანა ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოხდა. სხვა ამერიკელი მოთამაშის მოძებნა და შემდეგ მისი ნატურალიზება ვერც მოესწრებოდა და ხორვატებმა ამიტომაც უხმეს დრეიპერს.
ზემოთნახსენებ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე დრეიპერმა საუკეთესო მატჩი საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 18 წუთში 16 ქულა ჩააგდო და ხორვატებს 77:76 გაამარჯვებინა. არადა, მისი საშუალო მონაგარი აღნიშნულ ევრობასკეტზე 6 ქულაც არ გახლდათ.
დონტეი დრეიპერი ხორვატიის ნაკრებში 2 დღის წინ გამოცხადდა და გუნდთან შესათამაშებელ ვარჯიშებს შეუდგა. 26-28 აგვისტოს ზაგრები საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც ხორვატებთან ერთად ესტონეთი, ისრაელი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იასპარეზებენ. საქართველო და ხორვატია ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 10 სექტემბერს შეხვდებიან.