ხორვატიის დიდი დანაკლისი ევრობასკეტის წინ: ლაფაიეტი

ხორვატიის დიდი დანაკლისი ევრობასკეტის წინ: ლაფაიეტი

დიდი დანაკლისი განიცადა ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეა. ხორვატებმა დაკარგეს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ოსკარ ლაფაიეტი, რომელმაც გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.
ლაფაიეტმა ხორვატიის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო და ამ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ გამთამაშებელი კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ჯგუფური ეტაპიც მის მეორე სამშობლო ხორვატიაში უნდა ეთამაშა, მაგრამ ბრემენში გამართული ამხანაგური მატჩის მე-5 წუთზე ტრავმა მიიღი და გუნდს გამოაკლდა.

რაც შეეხება მატჩს, ხორვატებმა იოლად – 80:63 დაამარცხეს მასპინძელი გერმანელები. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო დენის შროდერი (17 ქულა), დირკ ნოვიცკიმ კი თავი მხოლოდ 7 ქულას მოუყარა. მატჩის საუკეთესო ლუკა ზორიჩი გახლდათ. ხორვატთა 30 წლის ცენტრმა, რომელიც მომავალ სეზონში ზაგრების “ცედევიტაში” ჯეიკობ პულენის თანაგუნდელი იქნება, მხოლოდ 12:19 წუთს ითამაშა და 16 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
“მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა, ეიფორიის დრო ნამდვილად არაა. მე-2 მეოთხედში ზონურ დაცვას მივმართეთ და ამან კარგი შედეგი მოგვიტანა, თუმცა, ეს ხერხი მშველელად ყოველთვის ვერ მოგვევლინება. ერთი-ერთზე თამაშისას პრობლემები გვაქვს და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება ლაფაიეტის ტრავმას, ეს ნამდვილი შოკია, რამაც საფიქრალი დაგვიმატა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა ველიმერ პერასოვიჩმა.
ხორვატიის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩებს ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართავს, სადაც ჰუავეის თასი გათამაშდება. ხორვატიის მეტოქეები იქნებიან მასპინძელი ლიტვა და თურქეთი. ტურნირში მონაწილეობს, თუმცა ხორვატიას არ შეხვდება მაკედონიის ეროვნული გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის და შესაბამისად, საქართელოს ჯგუფშია.
გერმანია – ხორვატია 63:80 (16:15, 11:24, 14:19, 22:22)
ხორვატია: ტომიჩი (14 წ. 4 ქ. 7 მ.), ბოგდანოვიჩი (19 წ. 3 ქ.), სარიჩი (20 წ. 2 ქ. 3 მ.), ლაფაიეტი (5 წ.), ჰეზონია (18 წ. 4 ქ.); რუდეზი (17 წ. 11 ქ. 3 პ.), სტიპჩევიჩი (23 წ. 8 ქ. 5 მ.), ბაბიჩი (20 წ. 10 ქ. 3 მ. 3 პ.), უკიჩი (12 წ. 3 ქ.), სიმონი (23 წ. 11 ქ. 5 პ.), ზუბჩიჩი (3 წ. 3 ქ.), ბილანი (14 წ. 5 ქ.), ზორიჩი (12 წ. 16 ქ. 5 მ. 3 პ.).