დღეს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი სრულდება. საქართველოს ნაკრები მე-19 ადგილისთვის თამაშობს, თუმცა ფინალი ქართველის გარეშე მაინც არ ჩაივლის. ტურნირის მთავარ მატჩს, რომელმაც B დივიზიონის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს, კირილე თვაური იმსაჯებს.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს ხორვატია და ლატვია შეხვდებიან. ლატვია იყო გუნდი, რომელმაც ტურნირამდე ბოლო სპარინგ-მატჩი თბილისში გამართა და საქართველოს ნაკრებს სძლია. სწორედ იმ მატჩის მთავარი არბიტრი გახლდათ კირილე თვაური, რომელიც დღეს, ლატვიელთა ფინალურ მატჩს მოემსახურება.
თვაურმა ერევანში მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის მატჩები იმსაჯა, რის შემდეგაც, ფინალის წინა დღეს, საჩემპიონო მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადის შემადგენლობა დასახელდა, რომელშიც, ცხადია, ის არბიტრები შევიდნენ, რომლებმაც ტურნირზე ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს.