კობეშავიძის გუნდი შვეიცარიასთან დამარცხდა

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარაევო. 29 ივლისი

საქართველო 87:91 შვეიცარია
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) ჯგუფიდან გასვლა ვერ შესძლო და 9–16 ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას. მიხეილ კობეშავიძის გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიასთან და ავსტრიასთან მოხვდა – ხოლო შოტლანდიაც ჩვენთანაა, მაგრამ მასთან ქართველები არ ითამაშებენ, რაკი პირველ ეტაპზე უკვე ეთამაშნენ ბრიტანელებს.
გუშინ საქართველოს ნაკრების მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იყო და მიუხედავად ჩინებული დასაწყისისა, ჩვენები საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.
პირველ მეოთხედში კობეშავიძის შეგირდებმა მეტოქე 22:8 გაანადგურეს, მაგრამ, ჩერნოგორიასთან თამაშის მსგავსად (31:15 საწყის მეოთხედში), უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 87:91 წააგეს.
ცოტა უცნაურია, რომ ქართვაელებს შვეიცარიელებთან შეხვედრაში მოხსნებში დიდი უპირატესობა ჰქონდათ – 49:34 (შეტევაში 20:4), თუმცა მეტოქე გაცილებით ზუსტად ისროდა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, რომელმაც 20 ქულისა და 7 მოხსნის მოგროვება შეძლო, აკაკი დვალიშვილმა კი 10 ქულითა და 16 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა.
კობეშავიძის გუნდი მომდევნო მატჩს 30 ივლისს ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
 
შვეიცარია                 2          2          0          4
ავსტრია                    2          1          1          3
შოტლანდია              2          1          1          3
საქართველო             2          0          2          2