ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელსაც Primera FEB ეწოდება, საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. კორსანტიამ “გიპუზკოა ბასკეტის” შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა პირველი ტურის საშინაო მატჩი “კორუნასთან” დათმო. ეს ის გუნდია, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავდა და რომელიც გასულ სეზონში ესპანეთის უმაღლეს, ლიგა ენდესაში გამოდიოდა და წარუმატებლობის გამო დაქვეითდა.
გიპუზკოამ შეხვედრა 63:79 წააგო, კორსანტია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:34 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის კლუბს მომდევნო შეხვედრა 5 ოქტომბერს ელის, როდესაც სტუმრად მადრიდის ესტუდიანტესს დაუპირისპირდება.