“თბილავიამშენის” წევრი ზედიზედ მესამედ გადის პირველ ადგილზე
დასრულდა გამოკითხვა, რომელმაც სუპერლიგის 2007-08 წლების რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სუპერლიგის მონაწილეთა ყველა მწვრთნელმა, კომისარმა და მასმედიელმა გამოავლინა.
საბოლოოდ, პირველ ადგილზე გავიდა “თბილავიამშენისა” და საქართველოს ნაკრების უკანახაზელი კოტე ტუღუში, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე იდენტური აღიარება იყო, რაც საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ტუღუშმა არასტაბილურად დაიწყო რეგულარული, თუმცა უკვე მესამე წრიდან მოყოლებული გამოასწორა სროლის პროცენტი და გაცილებით ნაკლებ შეცდომასაც უშვებდა. ეს მის სტატისტიკაზეც აისახა – ტუღუში რეგულარულის სტატისტიკის მიხედვით ერთადერთი იყო, რომელიც საუკეთესოთა შორის პირველ ხუთეულში ქულების (V, 16.1), მოხსნების (V, 6.7), შედეგიანი გადაცემებისა (I, 7.3) და ჩაჭრების (IV, 1.75) კატეგორიაში შედიოდა.
ბოლო ორი რეგულარულის მსვლელობისას, ტუღუში ერთადერთია, ვინც სამმაგ დუბლს აკეთებს და წელს “თბილავიამშენის” ლიდერმა ორი ტრიპლ-დაბლი დააფიქსირა. გამოცდილი ირაკლი ხოშტარიას დაშავების შემდეგ, ლევან მოსეშვილმა კოტე “თბილავიამშენის” კაპიტნად დანიშნა და ამ უკანასკნელმაც ღირსეულად შეცვალა ხოშტარია, რომელმაც ტრავმის გამო მთელი ფლეი ოფი გამოტოვა.
რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს, ეს ჯილდო მოლოდინისამებრ “ენერჯი ინვესტის” თავკაცმა დავით უსტიაშვილმა მიიღო, რომლის გუნდმაც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები, დუდუ დადიანის მემორიალი და სუპერთასი მოიგო. უსტიაშვილმა “ენერჯი ინვესტი” ზედიზედ მეორედ გაიყვანა პირველ ადგილზე, ხოლო სუპერთასი კი მისი ხელმძღვანელობით გუნდებმა მიჯრით მესამედ (2006-თსუ, 2007-ენერჯი ინვესტი, 2008-ენერჯი ინვესტი) მოიგეს.
სუპერლიგის საუკეთესო მექულე (33.5), მომხსნელი (18.4) და დამფარებელი (3.25) გახდა “მაკაბისა” და საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც ამჟამად ამერიკაშია და დრაფტისთვის ემზადება. ჩაჭრებში პირველ ადგილზე “ენერჯი ინვესტისა” და ნაკრების წევრი გიორგი გამყრელიძე (2.15) გავიდა.