კროუფორდის გმირობამ “ატლანტა” აღმოსავლეთის სამეულში შეიყვანა

„ატლანტა ჰოუქსმა“ ამ გამთენიისას სასწაულებრივი მატჩი მოუგო „ფინიქს სანსს“, მოგვიანებით „ქორების“ კონკურენტმა „ორლანდომ“ პორტლენდში წააგო და ზაზა ფაჩულიას გუნდმა მოახერხა აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლორიდული კუბის გადასწრება. ახლა ატლანტელები მესამეზე არიან – მათ წინ „ბოსტონი“ და „კლივლენდია“.
თუმცა თავად ატლანტელთაგან „ფინიქსის“ ძლევა უფრო რეზონანსულია, ვიდრე „ქორების“ მესამე ადგილზე ანაცვლება. ეს გახლდათ საოცარი მატჩი, რომელიც ჯამალ კროუფორდის გმირობით დასრულდა. „ქორები“ წასაგებად განწირულნი იყვნენ, რაკი საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ლიგის ორგზის უძვირფასესმა მოთამაშე სტივ ნეშმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და „ფინიქსი“ 100:96 გაალიდერა.
„სანსი“ დასრულებამდე 6 წამით ადრე ჯოშ სმიტზე დაჯარიმდა, რომელმაც პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი გააცუდა და თითქოს ყველაფერიც აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ… აცილებული კროუფორდმა მოხსნა, მყისვე ორქულიანი მიიითვალა და მასპინძლები მეტოქეს 99:100 მიაახლოვა.
საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე კი უკვე ატლანტელებმა აიღეს ტაქტიკური ჯარიმა და სასროლად ფინიქსელთა ლიდერი ამარე სტუდემაიერი მოემზადა, რომელმაც პირველი გააცუდა, მეორე კი ჩააგდო. ატლანტელებსაც ეს უნდოდათ: შესატევად 3 წამი, ხოლო გასაბათილებლად 2 ქულა ჰქონდათ დარჩენილი. წუთშესვენებაზე კარგად დაიგეგმა, ვის როგორ უნდა ესროლა გადამწყვეტი სროლა და შესრულებაც უბადლო გამოვიდა. მაიკ ბიბიმ ბურთი გვერდითი ხაზიდან შემოიტანა, რომელიც ჯამალ კროუფორდს მიაწოდა. ატლანტელთა სნაიპერმა ბურთი წამიერად გაათამაშა და ისე, რომ ზედ სახესთან ფინიქსელი მცველის, ჯარედ დადლის ხელი უფრიალებდა, შორი სამქულიანი გასტყორცნა. ბურთი ჯერ კიდევ ზენიტში იყო, როცა საფინალო სირენის ხმა გაისმა, შემდეგ კი ფინიქსელთა კალათში სუფთად ჩაეშვა და გადაჭედილი „ფილიპს არენასთვის“ ზეიმის დროც დადგა. ატლანტელებმა საოცარი მატჩი 102:101 მოიგეს და აღმოსავლეთში მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.
ზაზა ფაჩულიას ამ დრამატულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ის კვლავ გაციებულია და ატლანტელებს ვერ ეხმარება.
 

ჯამალ კროუფორდის გამარჯვების მომტანი სროლა
 

ეს წამია, კროუფორდმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო.