საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს 9-19 ივლისს უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარში მოუწევს ასპარეზობა. ჯგუფში საქართველოს მეტოქეები პორტუგალია, ლუქსემბურგი, ჩერნიგორია და კოსოვო არიან. ხვალ, გამთენიისას ჩვენი ნაკრები ლატვიაში მიემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან ლუქსემბურგში გადავა და მორიგ მოსამზადებელ შეხვედრებს ჩაატარებს, საიდანაც უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. დღეს 20-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიაში ღია ვარჯიში გამართა. გვესაუბრება ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი…
– რამდენ თამაშს გეგმავთ ლატვიაში?
– 2 თამაში გვაქვს დაგეგმილი ადგილობრივ, საკმაოდ ძლიერ 20-წლამდელთა ნაკრებთან, თუმცა არაა გამორიცხული, კიდევ 1 მატჩიც ვითამაშოთ. ლატვიაში 10 დღე დავრჩებით და შემდეგ ლუქსემბურგში გადავალთ, სადაც ასევე 2 ამხანაგური მატჩი გვაქვს დაგეგმილი ადგილობრივ ნაკრებთან.
– ლუქსემბურგი ხომ ჩვენი მეტოქეა ევროპის ჩემპიონატზე?!
– ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, შევისწავლით მეტოქის შესაძლებლობებს და ოფიციალურ მატჩში უკვე შესაბამისი ტაქტიკით ვეთამაშებით.
– რამდენი კალათბურთელია შეკრებაზე?
– ლატვიაში 13 კალათბურთელით გავემგზავრებით, ევროპის ჩემპიონატზე კი 12 მათგანს წავიყვანთ.
– რას იტყვით ამ შემადგენლობაზე, მოთამაშეთა შესაძლებლობებზე?
– სიმაღლის პრობლემა გვაქვს, რაც ევროპის ჩემპიონატზე ძალიან სერიოზული მინუსია. ამ პრობლემის აღმოფხვრა რომ გვსურდა, ნაკრებში იმიტომ ვუხმეთ 17 წლის გიორგი ტურძელაძეს.
– მეტოქე ნაკრებებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
– ლუქსემბურგს მალე ვნახავთ, სხვა მეტოქეებზე კი ბევრს ვერაფერს. ასაკობრივი ნაკრებების სპეციფიკა განსხვავებულია, რადგან ასაკის გამო შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. თაობა მიდის, თაობა მოდის. ჩერნოგორიას რომ ძლიერი ნაკრები ეყოლება, რა თქმა უნდა, პორტუგალიაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. რაც შეეხება კოსოვოს, ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა ფაქტი, რომ ის ყოფილი იუგოსლავიის ნაწილია, მათ პოტენციურ სიძლიერეზე მიანიშნებს. რა იქნება საბოლოოდ, უნგრეთში გამოჩნდება. ჩვენ მაქსიმალურად მაღალი შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ.