საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა 4 გამარჯვებით დაასრულა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ლატვიური ეტაპი. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ვენტსპილსში ჩატარებულ მინი-ტურნირზე დღეს ბოლო მატჩში ადგილობრივ „რიჟდანესთან“ გამართა და დამატებით დროში – 65:63 დაამარცხა.
სანამ ამ მატჩზე გეტყოდეთ, გათამაშების ფორმატს გაგაცნობთ. ევროპის ახალგაზრდული ლიგის 2002 წელს დაბადებულთა ტურნირში საქართველო მეორე დივიზიონშია, სადაც მთლიანობაში 8 გუნდია თავმოყრილი. კალენდრის მიხედვით, დაგეგმილია 3 ეტაპი, რომლებიც ნოემბერში, იანვარსა და მარტში იმართება. ყველა ეტაპზე თითოეული გუნდი 5-5 მატჩს ატარებს, რის შემდეგაც, 15 მატჩის გათვალისწინებით საუკეთესო შედეგების მქონენი სუპერფინალში ასპარეზობის უფლებას იღებენ.
პირველ ეტაპზე, რომელიც 19-22 ნოემბერს ესტონეთში გაიმართა, საქართველომ 5 მატჩიდან 2 მოიგო. მეორე ეტაპი კი ქართველებმა დღეს დაასრულეს და საბოლოო შედეგებით 4 მატჩი მოიგეს, 1 კი – წააგეს. ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში 28 იანვარს დაწყებული ეტაპი ქართველებმა მარცხით გახსნეს. ჩვენს ნაკრებს ესტონურმა „რაპლამაამ“ 61:47 მოუგო. ამის შემდეგ კანკია-ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ესტონურმა გუნდმა ტურნირის დარჩენილი ოთხივე შეხვედრა მოიგო და ლატვიური ეტაპის გამარჯვებული გახდა. საქართველო კი საპატიო მეორე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მეტოქე „რიჟდანეს“ ლატვიურ ტურში აქამდე მხოლოდ ესტონელებთან ჰქონდათ გწაგებული.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ქართველებმა პირველი მეოთხედი 13:7 მოიგეს, ხოლო მეორეში 19:17 იძალეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულაინი უპირატესობით გავიდნენ. მესამე და მეოთხე პერიოდებში მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში გაათანაბრეს და დაინიშნა დამატებითი დრ, რომელშიც ქართველებმა 2 ქულით – 65:63 იმარჯვეს.
მატჩის ბედი ოვერტაიმის დასრულებამდე 20 წამით ადრე რუსთაველი ზურა ვაშაკიძის ზუსტ გარღვევის შემდეგ გადაწყდა. 62:63 ჩამორჩენილმა საქართველოს ნაკრების ცენტრმა ორქულიანი ჩააგდო, რის დროსაც მასზე ლატვიელები დაჯარიმდნენ. ვაშაკიძემ საჯარიმოც ჩააგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ირაკლი კილაძე, რომელმაც 19 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ვოვა თავაქარაშვილმა, 14 ქულა დაგროვდა მათე კაპანაძის ანგარიშზეც, ხოლო ვაშაკიძემ 11 ქულას 6 მოხსნაც მოაყოლა.
საქართველოს ნაკრებს 2 ეტაპის შემდეგ 10 მატჩიდან 6 მოგება აქვს და მესამე ეტაპის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში დიდი ალბათობით სუპერფინალში გავა.
ბოლოს აღვნიშნავთ, რომ ეს ის ნაკრებია, რომელსაც სხვა ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად კურატორობას კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული უცხოელი მწვრთნელები უწევენ. ნაკრების სელექციაში და ჩატარებულ ვარჯიშებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ხორვატი ტიხომირ ბუჯანი და სერბი მილოშ გლიგორიევიჩი. ეს უკანასკნელი ნაკრებს ლატვიაში ახლავს და ქართულ დელეგაციასთან ერთად თბილისში ხვალ დაბრუნდება.