საბერძნეთის ჩემპიონატი
ათენის „პანათინაიკოსმა“ ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. დედაქალაქელებმა შინაურ არენაზე „პანელინიოსს“ 88:58 მოუგეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. ათენელებს მთავარი ბრძოლა ფინალში ელით, ნახევარფინალი კი მათთვის მოსამზადებელ ეტაპად შეიძება ჩაითვალოს.
ამიტომაც იყო, რომ მატჩში „პანათინაიკოსის“ ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა და სათამაშო დრო მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდა ყველაზე. გიორგი შერმადინს 12 წუთი ერგო და ქართველმა ცენტრმა თავიც გამოიჩინა. მან 4 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო და სროლის ზუსტად ასეთივე შეფარდება ჰქონდა საჯარიმოს ხაზიდან. შედეგად შერმადინმა 9 ქულას მოუყარა თავი, რასაც 3 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა.
სერიის მომდევნო მატჩი 18 მაისს გაიმართება, ხოლო სერიაში გამარჯვება სამ მოგებამდეა.
პოლონეთის ჩემპიონატი
სოპოტის „ტრეფლის“ ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტრავმირებულია და მას ნახევარფინალურ სერიის არც ერთ მატჩი არ მიუღია მონაწილეობა. მისმა გუნდმა კი გასულ კვირაში სამივე შეხვედრა წააგო გდინიის „პროკომთან“ და სერიაც მშრალი ანგარიშით – 0:3 დათმო.
სოპოტელებმა გდინიაში პირველი მატჩი 74:82 წააგეს, მეორე გასვლითი შეხვედრა კი 76:87 დათმეს, ხოლო მომდევნო, საშინაო შეხვედრაში „პროკომს“ მაინც ვერაფერი მოუხერხეს და 70:78 წააგეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში „სოპოტი“ მეორე ნახვევარფინალში წაგებულ გუნდს – ან „პოლფარმას“, ან „ანვილს“ შეხვდებიან.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ნიკოლოზ ცქიტიშვილისთვის სეზონი დასრულებულია. მისი „ფუენლაბრადა“ პლეი ოფში ვერ გავიდა – რეგულარული ჩემპიონატი კი დასრულებულია.
ბოლო ტურში ცქიტიშვილს არ უთამაშია, ის „ლაგუნ აროსთან“ მატჩის განაცხადშიც კი არ ყოფილა. „ფუენლაბრადამ“ კი სეზონის ბოლო მატჩი 75:80 წააგო.