ლეგიონერებში ბოისა გამოირჩა

ლეგიონერებში ბოისა გამოირჩა

როგორც წესი, შაბათს ევროპის მოედნებზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ქართველ ლეგიონერთა ნაწილსაც მოუწია თამაშმა. თუმცა ყველა მათგანისათვის უიღბლო გამოდგა ეს ტურები – საერთო ჯამში ვერც ჩვენებურებმა მოახერხეს თავის გამოჩენა და მათი გუნდებიც დამარცხდნენ. სხვებზე შედარებით უკედ ვლადიმერ ბოისა გაისარჯა, რომელმაც “ზადარის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ბოისას გუნდი ადრიატიკის ლიგის ლიდერ “ციბონას” ესტუმრა და სენსაციის მოხდენამდე სულ ცოტა დააკლდა. ხორვატული დერბი ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრა “ზადარის” მცირე უპირატესობით დაიწყო და ბოლო მეოთხედამდე ასე გაგრძელდა. გადამწყვეტი პერიოდის წინ სტუმრები 7 ქულით იყვნენ წინ, თუმცა, უკანასკნელ ათწუთეულში მასპინძლებმა ჩამორჩენის გაბათილება და წინ გასვლა მოახერხეს.
 
საბოლოოდ, “ციბონამ” შეხვედრა 68:65 მოიგო და კვლავ უდანაკარგოდ ლიდერობს ადრიატიკის ლიგას.
ბოისამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო მოედანზე გატარებულ 32 წუთში 10 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტოქე გუნდის კალათბურთელები მის წინააღმდეგ თამაშისას 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 6 ტურის შემდეგ, “ზადარს” მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარი აქვს და ამ შედეგით, კიდევ ოთხ გუნდთან მესამე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
საბერძნეთში მოთამაშე ჩვენებურების – გიორგი ცინცაძისა და ნიკა ცქიტიშვილის გუნდებმაც მარცხი განიცადეს. დასაწყისში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ პირველად წააგო ცინცაძის “ტრიკალამ”, რომელიც სტუმრად აქამდე მოგების გარეშე მყოფ “ლარისასთან” დამარცხდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. მასპინძლებმა ყველაზე დიდ უპირატესობას გადამწყვეტი მეოთხედის წინ მიაღწიეს, როცა 7 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში “ტრიკალას” კალათბურთელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს და 2 ქულით, 68:70 დამარცხდნენ.
ცინცაძემ მოედანზე 20 წუთი დაჰყო და მხოლოდ 4 ქულას (2-დან 0 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 შედეგიან გადაცემასა და ერთ ჩაჭრას გამორჩა.
სტუმრად წააგო “პანიონიოსმაც”. ნიკა ცქიტიშვილის გუნდი “კოლოსთან” 68:78 დამარცხდა. მართალია, პირველ ნახევარში სტუმრებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და “კოლოსma” ჩემპიონატში მეორე გამარჯვება გაიფორმა. “პანიონიოსისთვის” კი ეს მეორე მარცხია, ერთი მოგებაც აქვს ცქიტიშვილის გუნდი მეცხრე ადგილზე იმყოფება. ნიკამ საკმაოდ 18 წუთში 2 ქულისა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი) და თითო ჩაჭრა-პასის გაკეთება შეძლო. საბერძნეთში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსი” მესამე ტურის შეხვედრას დღეს, სტუმრად აუტსაიდერ “არისთან” გამართავს. შეგახსენებთ, რომ ათენელებს პირველი ორი მატჩი მოგებული აქვთ.