ლეგიონერებში მარკოიშვილი 22 ქულით გამოირჩა

ლეგიონერებში მარკოიშვილი 22 ქულით გამოირჩა

         იტალიის სერია A
 
აღმავლობის გზაზეა მანუჩარ მარკოიშვილი და მისი  გუნდი „კანტუ“, რომელმაც მორიგ ტურში „ვარეზე“ 83:70 დაამარცხა და ამაში უმთავრესი წვლილი ქართველ ლეგიონერს მიუძღვის.
მანუჩარ მარკოიშვილმა 30 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ყველა ეს მაჩვენებელი მის გუნდში საუკეთესო (მოხსნები რამდენიმე მოთამაშეს თანაბრად ჰქონდათ) იყო. მანუჩარმა 6–დან ექვსივე ორქულიანი, 4–დან 2  სამიანი და 5–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო.
„კანტუ“ ამ გამარჯვებით სერია A–ში მეორე საფეხურზე აღზევდა და მთელი 2 ქულით უსწრებს მდევარ „პეპსი კასერტას“.
საპირისპირო მდგომარეობაშია ვიქტორ სანიკიძის ბოლონიური „კანადიან სოლარი“. ამას წინათ მეორეზე მყოფი ეს გუნდი მეხუთეზე ჩამოქვეითდა. ბოლონიელებმა გასულ ტურში სტუმრად „სკავოლინისთან“ 73:90 წააგეს.
სანიკიძემ 13 წუთი ითამაშა და 5 ქულას და 2 მოხსნას დასჯერდა. ვიქტორმა სროლისას ასპროცენტიანი სიზუსტე გამოიჩინა. თითოჯერ შეუტია 2 და 3–ქულიანი დისტანციიდან და ორჯერვე ჩააგდო.
 
  ხორვატიის ჩემპიონატი
 
რაც ევროტურნირებში ხელმოცარვის შემდეგ ხორვატიის პირველობაზე გადაერთო, ვლადიმერ ბოისას „ზადარი“ არ დამარცხებულა. ზადარელებმა მორიგ ტურში სტუმრად „ცედევიტა“ 96:89 დაამარცხეს და 10–დან 10 გამარჯვებით ერთპიროვნულად ლიდერობენ.
ბოისამ „ცედევიტას“ წინაათმდეგ 31 წუთი ითამაშა. მან საბოლოოდ 14 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი მიითვალა. ბოისა ალბათ მეტსაც შესძლებდა, მოედანი 5 პერსონალურის გამო რომ არ დაეტოვებინა.
 
   პოლონეთის ჩემპიონატი
 
პლეი ოფის პირველი, მეოთხედფინალური რაუნდი გადალახა გიორგი ცინცაძის „სოპოტმა“. გასულ კვირაში ერთბაშად 4 მატჩის გამართვა მოესწრო და საერთო ჯამში ქართველი გამთამაშებლის გუნდმა „ტუროვთან“ სერიაში 3:1 იმარჯვა. სოპოტელებმა პირველი 2 საშინაი შეხვედრა მოიგეს – 79:63 და 89:82. შემდეგ სტუმრად 71:87 წააგეს, ხოლო მეორე გასვლით შეხვედრაში 75:68 იმარჯვეს და სერიაც მოიგეს.
სოპოტელთა თავკაცმა ცინცაძის მიმართ ყურადღება მოადუნა და ნახენებ 4 შეხვედრაში ის მთლიანობაში 34 წუთს ათამაშა. აქედან შედარებით გამორჩეული პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც გიორგიმ 12 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
„სოპოტის“ მორიგი, ნახევარფინალური მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის მომგები „პროკომია“, რომელმაც „ენერჯი ჩარნი“ 3:0 დაამარცხა. მატჩები 8, 10,13  და თუ საჭირო გახდა, 15 და 18 მაისს შედგება.
 
      ესპანეთის პრიმერადივიზიონი
 
ნიკა ცქიტიშვილის „ფუენლაბრადა“ პლეი ოფში ვეღარ გავა, თუმცა პრიმერადივიზიონიდან გავარდნაც არ ემუქრება. ამ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად მანრესასთან 69:76 წააგო. ცქიტიშვილმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და ქულის გაკეთება ვერ მოასწრო.
 
    საბერძნეთის ჩემპიონატი
 
რეგულარული ჩემპიონატის მომგები გიორგი შერმადინის „პანათინაიკოსი“ პლეი ოფში ჩაერთო. მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში ათენელები მერვე ადგილზე გასულ „პანიონიოსს“ შეხვდნენ და 92:57 გაანადგურეს.
გიორგი შერმადინმა 7 წუთს ითამაშა და „პანათინაიკოსს“ 4 ქულა შესძინა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე იყო თითო მოხსნა და ჩაჭრა. შერმადინმა ამ მოკლე ხანში 5 პერსონალურის მიღება „მოასწრო“ და მოედანი დატოვა.
მომდევნო მატჩი 3 მაისს გაიმართება და თუკი „პანათინაიკოსი“ ისევ იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა.
 
     გერმანიის ბუნდესლიგა
 
დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი, თუმცა გიორგი გამყრელიძის გუნდისთვის არასახარბიელოდ. „მიტელდოიჩერმა“ ვერ მოახერხა პლეი ოფში გასვლა. „მგლებმს“ 18 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდათ, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა.
სეზონის ბოლო მატჩი გამყრელიძის გუნდმა შინ „გიოსენთან“ გამართა და 84:65 გაიმარჯვა. ქართველმა უკანახაზელმა 15, 35 წუთში 1 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.