ვიქტორ სანიკიძემ იტალიურ სერია A–ში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. მის შთამბეჭდავ გამოსვლას მხოლოდ მისი გუნდის მარცხი აუფერულებს – „ვირტუსმა“ შინ „პეპსი კასერტასთან“ 72:84 წააგო.
უნდა ითქვას, რომ ვიქტორმა ამ მატჩში თამაშიდან მთლად კარგად ვერ ესროლა. ის ყოველთვის გამოირჩებოდა საშუალო და ახლო სროლებით და ჩაგდების მაღალი პროცენტულობა ჰქონდა, თუმცა ამჯერად სანიკიძემ 11 ცდიდან ხოლოდ 2–ჯერ გაარტყა მიზანში. ქულები კი ძირითადად საჯარიმოს ხაზიდან მოიპოვა: 10 სროლიდან 9 ჩააგდო და საბოლოოდ 13 ქულა დაუგროვდა, რასაც 12 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა და თავისიანთაგან საუკეთესო იყო. უნდა აღინიშნოს, რომ სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 25 წუთი გაატარა.
ვიქტორ სანიკიძე “კასერტას” კალათში ბურთს ტენის
ამ მარცხის შემდეგ „ვირტუსი“ მე–7 ადგილზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მისი „კანტუ“ დღეს, 29 ნოემბერს, რომში „ლოტომატიკას“ ეთამაშება.
ადრიატიკის ლიგაზე ვლადიმერ ბოისას “ზადარმა” ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის ხორვატულმა კლუბმა “ბოსნას” უმასპინძლა და მეტოქეს პირველსავე ტაიმში მოუთავა საქმე. ხორვატები დიდ შესვენებაზე 30-ქულიანი (54:24) უპირატესობით გავიდნენ, რითაც სტუმრებს წარმატებაზე ოცნების საფუძველიც კი მოუსპეს. საბოლოოდ, “ზადარმა” შეხვედრა 104:54 მოიგო და ადრიატიკის ლიგის გათამაშებაში მე-6 გამარჯვება გაიფორმა.
ბოისა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 4 ქულა (3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
“ზადარს” ადრიატიკის ლიგაზე 6 მოგება დაუგროვდა (სამ წაგებასთან ერთად) და ამ შედეგით ბოისას გუნდი გათამაშების ცხრილის მე-4 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხორვატულ გუნდს დანარჩენებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ესპანურ პრიმერადივიზიონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ბოლო ექვს თამაშში მე-4 გამარჯვება მოიპოვა ტაირონ ელისის “კახასოლმა”. რაც ყველაზე სასიხარულოა, ესპანური კლუბი სასურველი შედეგის მიღწევას ძირითადად საქართველოს ნაკრების უკანახაზელის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე ახერხებს.
“კახასოლმა” ამჯერად “ფუენლაბრადასთან” გასვლით შეხვედრაში იმარჯვა (82:70), რაც ჩემპიონატში მე–6 წარმატებული მატჩი აღმოჩნდა. ელისმა 14 ქულის (5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნისა და თითო ჩაჭრა-პასის მოხვეჭა მოახერხა. თვითონ “კახასოლი” კი, ამ მოგების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.
ელისი “ფუენლაბრადას” ფარს შორიდან უტევს
საბერძნეთის პირველობაზე ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო გიორგი ცინცაძის “ტრიკალამ”. ქართველი გამთამაშებლის გუნდი ამჯერად სტუმრად “არისთან” დამარცხდა – 66:81. ცინცაძე მოედანზე 22 წუთით გამოჩნდა და დროის ამ მონაკვეთში 6 ქულის (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 შედეგიანი გადაცემისა და 1 მოხსნის გაკეთება მოახერხა.
“ტრიკალას” უკუსვლის მიუხედავად, თვითონ ცინცაძეს საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეთა დავაში შესამჩნევი პროგრესი აქვს. სადღეისოდ, მის აქტივში 17 შედეგიანი გადაცემაა და ამ შედეგით იგი ელადის პირველობის ასისტენტებში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
“ტრიკალა” კი, ზედიზედ მე-3 წაგების შემდეგ, გათამაშების ცხრილის შუაში ჩამოქვეითდა. სადღეისოდ, ცინცაძის კლუბი კიდევ სამ გუნდთან ერთად, მეხუთე-მერვე ადგილებს ინაწილებს. ამათ შორისაა ნიკა ცქიტიშვილის “პანიონიოსიც”, რომელიც გუშინ სტუმრად ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “პანელინიოსთან” დამარცხდა (63:77), მაგრამ ნიკას დრავმა აქვს და ამ მატჩში არ უთამაშია.
დღეს ქართველ ლეგიონერთაგან კიდევ რამდენიმეს უწევს თამაში.