ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების სამი წევრის გუნდებიდან ორმა მოიგო. დამარცხდა ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“, ხოლო ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ და ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდმა“ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
ამ სამიდან ყველაზე შედეგიანად ტორინ გრინმა ითამაშა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა გამთამაშებელმა კანარიელებს 11 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩჭრა შესძინა, მისმა გუნდმა კი გრანადა 86:71 დაამარცხა. „გრან კანარიას“ 15 მატჩიდან 8 გამარჯვება აქვს და მე–9 ადგილზე იმყოფება.
ტორინ გრინი
ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდმა“ „ფუენლაბრადა“ 100:86 გაანადგურა, თუმცა საქართველოს ნაკრების ამერიკელი წევრი შედარებით მოკრძალებული იყო. ტრადიციულად ხუთეულის წევრი ჰოსლი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მან 22 წუთი დაჰყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ქუინტონს თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 7 ბურთი მოეხსნა. ჰოსლიმ სამივე ორქულიანი ააცილა და 2–დან 1 სამიანი ჩააგდო. საბოლოოდ მისი მონაგარი 3 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი იყო. „ხუვენტუდს“ 9 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს და ცხრილში მე–6 ადგილზე იმყოფება.
ცქიტიშვილის „ლაგუნ არომ“ დასანანი მარცხი იწვნია. სანსებასტიანელებმა შინ 80:83 დათმეს შეხვედრა „კახა ლაბორალთან“. ქართველმა ლეგიონერმა 13,28 წუთი ითამაშა და მხოლოდ 3 მოხსნის მოგროვება შესძლო. მან 2 სამიანი და 1 ორქულიანი მიზანს ააცილა. „საგუნ აროს“ 15 მატჩიდან 7 გამარჯვება აქვს და მე–11 ადგილზეა.
იტალიის სერია A
ლვლავ ტრავმირებულია მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში დაშავდა. მისმა „კანტუმ“ მორიგ ტურში „ბენეტონი 75:65 დაამარცხა და ცხრილში საპატიო მე–3 ადგილს ინარჩუნებს.
პრინციპული მატჩი მოიგო ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმაც“. ბოლონიელებმა შინ რომის „ლოტომატიკა“ 87:79 დაამარცხეს 14–დან 7 მოგებით ცხრილში მე–7 ადგილზე არიან. სანიკიძემ საკმაოდ ბევრი, 25 წუთი ითამაშა და მოედანი 2 ქულით, 8 მოხსნით, ჩაჭრით, 2 პასით და 1 დაფარებით დატოვა. სანიკიძეს თამაშიდან არ შეუტევია რომაელთა ფარისთვის. მან 2 საჯარიმო შეასრულა და ორივე ჩააგდო.
ადრიატიკის ლიგა
ხუთეულში გამოჩნდა გიორგი შერმადინი. „ოლიმპიამ“ მორიგ ტურში „ზადარი“ ისტუმრა და 25 ქულის სხვაობით – 78:53 დაამარხცა. ქართველმა ცენტრმა სასტარტოში დაიწყო თამაში და მოედანზე 19 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 5–დან 3 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ოლიმპიას“ და სლოვენიურ „კრკას“ 10 მოგება და 5 მარცხი აქვთ და ადრიატიკის ლიგას ლიდერობენ.
გერმანული ბუნდესლიგა
ვერ საშობაახალწლო შესვენებამ უშველა ლაშა გამყრელიძის „გიოსენს“, რომლის წაგებებსაც ბოლო არ უჩანს. ქართველი უკანახაზელის გუნდმა ამჯერად ბონში, იქაურ „ტელეკომთან“ წააგო – 53:71, რის შემდეგაც გიოსენელები გასავარდნი ზონის ზღვარს მიუახლოვდნენ. ახლა მათ 5 მოგება და 13 წაგება აქვთ და 18–გუნდიან ბუნდესლიგაში მე–16 ადგილზე იმყოფებიან. ლიგიდან ბოლო 2 გუნდი ვარდება.
გამყრელიძემ „ტელეკომთან“ მატჩში მხოლოდ 10 წუთს ითამაშა და 2 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა. ლაშამ 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი და 1 სამქულიანი კი – ააცილა.
ბელგიის ჩემპიონატი
გვარიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიმარჯვა თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“, რომელმაც მორიგ ტურში „დექსია მონსი“ 88:83 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა, თუმცა 4 მოხსნისა და 3 ქულის მოგროვება შესძლო. შენგელიამ 4–დან 1 ორქულიანი და 1–დან 1 საჯარიმო მიითვალა.
„პეპინსტერს“ 11 მატჩიდან 3 გამარჯვება აქვს და 9–გუნდიან ჩემპიონატში მე–8 ადგილზე იმყოფება.