ლეგიონერთა მიმოხილვა

ლეგიონერთა მიმოხილვა

ევროპაში გაფანტული საქართველოს ნაკრების წევრთა თამაშების მიმოხილვა იტალიიდან დავიწყოთ, სადაც ვიქტორ სანიკიძემ მორიგი სოლიდური თამაში აჩვენა, თუმმცა წინა მატჩის დარად ორმაგ დუბლს ვერ უწია. მას აქამდე 2 მოხსნა დააკლდა, თუმც ამაზე ალბათ ნაკლებად ნაღვლობს თავად კალათბურთელი – მისმა გუნდმა ხომ სერია A–ში მანამდე დაუმარცხებელი „აველინო“ 73:55 გაანადგურა.
 

ვიქტორ სანიკიძე ყველაზე მაღლა ხტება
 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 24 წუთი გაატარა და მთლიანობაში 10 ქულა, 8 მოსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ სანიკიძეს თამაშიდან სროლა არ გაუცუდებია: 2 სამქულიანი და 1 ორიანი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმო ცდიდან 3 გაარტყა მიზანში.
„ვირტუსს“ 7 მატჩიდან 5 გამარჯვება აქვს და 3–5 ადგილებს იყოფს „ბიელა“–„კასერტასთან“ ერთად.
პრინციპული მატჩი ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუს”, რომელიც მასსავით ლიდერთა ჯგუფში შემავალ “ბიელას” მასპინძლობდა. პირველი ნახევრის შემდეგ, მცირე უპირატესობით წინ ქართველის გუნდი იყო (43:39), თუმცა მესამე მეოთხედში “ბიელას” კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და ამ ათწუთეულში მოპოვებული ჰანდიკაპის შემწეობით შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს (93:86).
მარკოიშვილმა მოედანზე 29 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 9 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) შემატა. მანუჩარს დაუგროვდა 4 მოხსნა და 2 პასიც, ხოლო მის “კანტუს” 4 მოგების წილ 3 მარცხი დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.
საბერძნეთის ჩემპიონატში ორი ქართველი კალათბურთელის გუნდმა ითამაშა. გიორგი ცინცაძის “ტრიკალამ” გათამაშების ცხრილში “მეზობლად” მყოფი “პანელინიოსი” მიიღო და პირველობის სტარტზე მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, ცინცაძეს ეს მატჩი აშკარად აქტივში უნდა ჩაეწეროს. ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 12 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. “ბუმ” საშუალო და შორის დისტანციებიდან 4-4-ჯერ გაისროლა, რომელთაგან სამმა ორქულიანმა და ორმა სამქულიანმა მიზანს უწია. ამის გარდა, “პანელინიოსის” კალათბურთელები ქართველის წინააღმდეგ თამაშისას 5-ჯერ დაჯარიმდნენ, თვითონ ჩვენებურმა კი, 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ტურის შემდეგ, ცინცაძეს 11 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული და ამ შედეგით იგი საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეთა ოცეულში შედის.
შეხვედრის ბედი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. “ტირკალამ”, რომელიც მეოთხე პერიოდის შუაში 10 ქულითაც კი ჩამორჩებოდა მეტოქეს, აბრამსის შემწეობით ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა, თუმცა საფინალო სირენამდე “პანელინიოსმა” კიდევ ერთი შედეგიანი შეტევის განხორციელება მოასწრო და შეხვედრა 93:91 მოიგო.
“ტრიკალასგან” განსხვავებით, იმარჯვა ნიკა ნიკა ცქიტიშვილის “პანიონიოსმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ლარისას” სძლია – 62:53. ქართველ კალათბურთელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
საბერძნეთში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსი”. ათენელებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება (90:73) “მარუსისთან” შეხვედრაში იზეიმეს, ქართველი ცენტრი კი, ტრადიციულად, სარგებლიანად გაისარჯა.შერმადინმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და მასპინძლებს 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. გიორგიმ 4-ვე საჯარიმო და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა და ერთხელაც დაჯარიმდა.
4 ტურის შემდეგ, “ტირკალასაც” და “პანიონიოსსაც” 2-2 მოგება წაგება აქვთ და 6-6 ქულით გათამაშების ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ. საბერძნეთში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსი” კი, რომელსაც სამ მატჩში მაქსიმალური შედეგი აქვს, მე-4 ტურის შეხვედრას დღეს, საკუთარ მოედანზე “მარუსისთან” გამართავს.
გიორგი გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა” გერმანიის ჩემპიონატში მესამე შეხვედრა წააგო. ქართველის გუნდი საკუთარ მოედანზე არცთუ ისე ძლიერ “გეტინგენთან” უშანსოდ დამარცხდა – 71:95. მასპინძლები პირველივე ნახევარში 18 ქულით (42:60) ჩამორჩნენ და შეხვედრის გადარჩენა დიდად აღარც უცდიათ. აღსანიშნავია, რომ მიტელდოიჩერელთაგან 10-ქულიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა, ნიკიტა ხარჩენკოვმა (15 ქულა) მოახერხა.
გამყრელიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27 წუთში 7 ქულას (2-დან 0 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-და4 4 საჯარიმო), 3 შედეგიას პასსა და 2 მოხსნას გამორჩა.
ბუნდესლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ, “მიტელდოიჩერის” 6 მოგებითა და 3 მარცხით მეცხრე ადგილზე იმყოფება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქართველის გუნდს დანარჩენებზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
ადრიატიკის ლიგაზე მეხუთე შეხვედრა მოიგო “ზადარმა”. ვლადიმერ ბოისას ხორვატულმა გუნდმა, საკუთარ მოედანზე ბელგრადულ ფმპ-ს საკმაოდ იოლად, 90:69 მოუგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 24 წუთში იგი ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული და შეხვედრა მხოლოდ 4 ქულით დაასრულა. ამასთან, მან 3 მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიითვალა.
ადრიატიკის ლიგაზე სადღეისოდ “ზადარი” (5 მოგება, 3 წაგება) მეოთხე ადგილზე იმყოფება.
დაბოლოს, ესპანეთზე ვთქვათ, სადაც პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა ტაირონ ელისმა. მისი “კახასოლი” “ხაკობეო ბლუსენსს” შეხვდა და 81:72 სძლია, ელისმა კი 29 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ტაირონმა ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ელისის გუნდს 9 მატჩიდან 5 გამარჯვება აქვს და მე–6 ადგილზე იმყოფება.