ლეგიონერთა მოკრძალებული შაბათობა

ლეგიონერთა მოკრძალებული შაბათობა

გასული შაბათი საქართველოს ლეგიონერთათვის ვერ გამოდგა სახარბიელო. ერთადერთი თორნიკე შენგელიას და გიორგი ცინცაძის გამოყოფა შეიძლება, რომლებმაც 8–8 ქულა მოაგროვეს, თუმცა მათი გუნდები მაინც დამარცხდნენ, ხოლო  ვისმა გუნდმაც იმარჯვა, იმათ ან საერთოდ არ უთამაშიათ, ანაც ნაკლებად პროდუქტიულები იყვნენ.
 
       იტალიის სერია A
აპენინის ნახევარკუნძულზე ქართველები ერთმანეთს ტრავმებს უნაცვლებენ. თუკი აქამდე ვიქტორ სანიკიძე ვერ ახერხებდა თამაშს, ახლა მანუჩარ მარკოიშვილიც არ გამოჩენილა მოედანზე. წინა წურში მანუჩარმა მხოლოდ 6 წუთს ითამაშა, რაც ტრავმის გამო მოხდა და როგორც აღმოჩნდა, ტრავმამ მას მომდევნო ტურშიც არ მისცა მოედანზე გასვლის საშუალება. მისმა „კანტუმ“ კი იოლად – 85:62 დაამარცხა სერია A–ს ერთ–ერთი აუტსაიდერი „ბრინდისი“.
 
ვიქტორ სანიკიძეს კი მოედანზე დღეს ელოდებიან. „კანადიან სოლარი“ „არმანი ჯინსს“ მასპინძლობს და როგორც იტალიურ პრესაში გაჟღერდა, ქართველი ფორვარდი ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
 
 
 
 
    ბელგიის ჩემპიონატი
მორიგი შეხვედრა წააგო თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“. ვერვიერელები ამჯერად ანტვერპენის „ჯაიანთსთან“ დამარცხდნენ – 73:82. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა სულ რაღაც 10 წუთში 8 ქულა მოაგროვა. შენგელიამ 3–დან 1 ორქულიანი და 6–დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ამ დამარცხების შემდეგ „პეპინსტერი“ ცხრილში ბოლო ადგილზე განთავსდა. მომდევნო შეხვედრა შენგელიას გუნდს უკვე მომავალ წელს ექნება.
 
 
 
 
 
 
      ესპანური პრიმერადივიზიონი
ქართული ლეგიონიდან ესპანეთში მხოლოდ ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ითამაშა, ვისმა „ლაგუნ არომაც“ სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – „გრანადას“ 75:68 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში 6,26 წუთს ითამაშა და სავარაუდოდ მანაც ტრავმა მიიღო. ესპანური ვებ–გვერდები ცქიტიშვილის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. ნიკამ ამ მცირე დროში 3 სროლის განხორციელება მოასწრო, თუმცა ორივე სამიანი და ერთიც ორქულიანი ააცილა.
 
    ადრიატიკის ლიგა
ლიუბლიანაში უმასპინძლა და 80:67 დაამარცხა „ოლიმპიამ“ სერბული „ცრვენა ზვეზდა“. გიორგი შერმადინი მოედანზე მხოლოდ 8,30 წუთით გამოჩნდა და თითო ქულა–მოხსნის მოგროვება მოახერხა. ადრიატიკის ლიგის ლიდერთა რაოდენობა 2–ამდე შემცირდა. „ოლიმპიასა“ და „ბუდუჩნოსტს“ 8 გამარჯვება აქვთ 4 მარცხის წილ.
 

გიორგი შერმადინი ბურთის მოსახსნელად იბრძვის
 
     ბალტიის ლიგა
პრინციპული შეხვედრა წააგო გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკმა“. ცინცაძის გუნდმა შინ თანამემამულე „კალევთან“ შეხვედრა 80:90 დათმო და ცხრილში მე–4 ადგილზე ჩამოქვეითდა. ქართველმა უკანახაზელმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.