ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა” იტალიურ სერია A–ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც თავისი წვლილი საქარფთველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმაც დაიდო. ბოლონიელები „ფერარას” ესტუმრნენ და ზედმეტი პრობლემების გარეშე, 90:73 მოიგეს. ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა. დიდ შესვენებაზე მასპინძლები 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, შემდეგ “ვირტუსის” უპირატესობა აშკარა გახდა და მათ 17 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
სანიკიძე სასარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. სამჯერ ბოლონიელთა მაისურით ფინელმა პეტერი კოპონენმა გაიბრწყინა – 24 ქულა. “ვირტუსს” 12 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.
დამარცხდა მეორე ქართველის იტალიური გუნდი. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ სტუმრად „კასერტასთან“ 67:82 წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდს პირველი და მეოთხე მეოთხედები ჩაუვარდა, რომლებიც შესაბამისად, 16:25 და 17:26 წააგო და საბოლოოდ, 15-ქულიან მარცხი იწვნია.
მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში სტუმრებს 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი შესძინა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი ააცილა.
ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება ნიკა მეტრეველის “მონტეპასკი”, რომელმაც ზედიზედ მე-9 გამარჯვება (87:74) “ვარეზესთან” იზეიმა. ქართველი კალათბურთელი სიენელთა განაცხადში არ ყოფილა.
საბერძნეთის ჩემოიონატში საქმეში ვერ ვიხილეთ გიორგი შერმადინი, რომლის “პანათინაიკოსმაც” სალონიკის პაოკ-ს 83:78 სძლია. ქართველი ცენტრი ათენელთა განაცხადში გახლდათ, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟელკო ობრადოვიჩს იგი თამაშში არ ჩაურთავს.
წარუმატებელი დღე ჰქონდა გიორგი ცინცაძის “ტრიკალას”. ქართველი გამთამაშებელის გუნდი სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდა, თუმცა საკუთარი თამაში ვერაფრით იპოვა. ტრიკალელებმა მე-6 ტურში მე-4 მარცხი (69:81) “მარუსისთან” განიცადეს, ცინცაძემ კი 18 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
სლოვენიის ჩემპიონატში დავით უგრეხელიძის “კოპერი” “მერკატორს” ესტუმრა და 61:77 წააგო. ქართველმა ცენტრმა 27 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. დავითმა 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. “კოპერი” 3 მოგებითა და 6 მარცხით მე-10 ადგილზე იმყოფება.
ვიქტორ სანიკიძე