იტალიის სერია A
ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ აღმავლობის გზაზეა. ბოლო ათი მატჩიდან ბოლონიელებმა 8 შეხვედრა მოიგეს. ამათგან ბოლო გუშინ ტრევიზოში „ბენეტონთან“ მიითვალეს (61:50) და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ.
სანიკიძემ 24 წუთს ითამაშა და 6 ორქულიანიდან 4 გამოიყენა, რასაც 1 საჯარიმოც მიაბა და 9 ქულა დააგროვა. ამის გარდა სანიკიძემ 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი შაბათს ისვენებდა და დღეს ეთამაშება ერთ–ერთ აუტსაიდერ „ფერარას“.
ესპანური პრიმერადივიზიონი
ნიკა ცქიტიშვილის „ფუენლაბრადამ“ შინ „კახა ლაბორალთან“ 80:86 წააგო და პლეი ოფში თამაშის შანსები მინიმუმამდე შეიმცირა.
ქართველი ფორვარდი განაგრძობს სტაბილურ თამაშს. ის ამ მატჩში ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22,21 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. როგორც ჩანს, ნიკა ფარქვეშ იშვიათად შედის და მისი ფუნქცია ძირითადად შორი სროლებია. მან ლაბორალელებს 3–დან 3 სამქულიანი და 1–დან 1 ორიანი ჩაუგდო. ცქიტიშვილმა თამაში სროლის ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა.
დარჩენილ 4 ტურში ფუენლაბრადელებმა პლეი ოფის ზონაში შემავალ ბოლო გუნდს 2 ქულა უნდა გაუბათილონ, რაც საკმაოდ რთული საქმეა.
საბერძნეთის ჩემპიონატი
გვარიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გიორგი შერმადინი. მას ტრავმა აწუხებდა და ახლა მწყობრშია. ის „პანათინაიკოსის“ შემადგენლობაში „პერისტერისთან“ 111:66 მოგებულ მატჩში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 7 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ათენელები რეგულარულ ჩემპიონატს ლიდერობენ და სავარაუდოდ დარჩენილ 2 ტურში ამ უპირატესობას არ გაანიავებენ.
გერმანული ბუნდესლიგა
გიორგი გამყრელიძის „მიტელდოიჩერი“ პლეი ოფის ზონაში შესასვლელად იბრძვის. „მგლებმა“ გასულ ტურში „პადერბორნი“ 88:84 დაამარცხეს. გამყრელიძემ 17 წუთში ქულა ვერა, მაგრამ 5 პასი გააკეთა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
ევროთასი
ამ ძალიან პრესტიჟული ტურნირის ფინალში გავიდა თორნიკე შენგელიას „ვალენსია“, თუმც ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს თამაში არ უწევს. ვალენსიელებმა ოთხთა ფინალის პირველ მატჩში ბერძნული „პანელინიოსი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანული „ალბა“ იქნება. შენგელია განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე სათამაშოდ არ გასულა.