გერმანიის ბუნდესლიგა
ლაშა გამყრელიძის “გიოსენი” ღრმა კრიზისშია და პრსპექტივაც არ ჩანს. ქართველი უკანახაზელის გუნდი ცხრილის ფსკერისკენ მიექანება. გიოსენელები ამჯერად “ტიუბინგენთან” გასვლით შეხვედრაში დამარცხდნენ (78:96), რითაც მათი წაგებათა სერია შვიდ მატჩამდე გაიზარდა.
გუნდის წარუმატებლობაში ქართველი გამთამაშებლის ბრალი ალბათ ყველაზე მინიმალურია – საქართველოს ნაკრების უკანახაზელი უხვად არიგებს შედეგიან გადაცემებს, „ტიუბინგენთან“ კი ქულათა მონაგარიც სოლიდური ჰქონდა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც ვერ მოიგო. გამყრელიძე გუნდს 13 ქულით (6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) შეეწია, რასაც 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დაუმატა.
„გიოსენს“ 5 მოგება და 9 მარცხი აქვთ და მე–14 ადგილზე იმყოფებიან.
ბურთითაა ლაშა გამყრელიძე
ესპანური პრიმერადივიზიონი
პრიმერადივიზიონში ხუთჯვაროსანთა დერბი გაიმართა. ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა გუნდები ხვდებოდნენ – ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ლაგუნდ არო“ ტორინ გრინის „გრან კანარიას“ წინააღმდეგ. სანსებასტიანელებს მანამდე ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდა წაგებული. ბასკები წარუმატებელი სერიის გაგრძელებისგან ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯიმი ბარონმა იხსნა, რომელმაც 26 ქულის მოგროვება მოახერხა და „ლაგუნ აროს“ 74:66 მოაგებინა
.
რაც შეეხებათ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს, ცქიტიშვილმა 15.42 წუთში პირად აქტივში 6 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ტორინ გრინი “გრან კანარიას” სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ყოფნაც გაცილებით მეტხანს მოუწია. 26.15 წუთში მან 8 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 10-დან 2 სამქულიანი) და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.”ლაგუნ აროსა” და “გრან კანარიას”, 11 ტურის შემდეგ, 7-7 მოგება აქვთ და კიდევ ორ გუნდთან მესამე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.
იტალიის სერია A
აქამდე ტრავმირებულ ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა, მანუჩარ მარკოიშვილიც შეუერთდა. იტალიური ვებ-გვერდები ჯერჯერობით არ იუწყებიან, რამდენად სერიოზულად დაშავდა ქართველი სნაიპერი, ტუმც მას რომ პრობლემა შეექმნა, ბოლო ტურის მატჩიდან ჩანს.
“მონტეგრანაროსთან” გასვლით შეხვედრაში “მანუმ” მოედანზე მხოლოდ 6 წუთი დაჰყო, შემდეგ კი სათადარიგოებში გადაინაცვლა და თამაშში აღარ ჩართულა. დროის ამ მონაკვეთში მარკოიშვილმა საშუალო და შორი დისტანციებიდან თითო სროლა ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა.
რაც შეეხება თვითონ თამაშს, მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ “კანტუ” იყო და და საბოლოოდ დამსახურებულადაც გაიმარჯვა – 93:83. მარკოიშვილის გუნდს 12 ქულა გაუხდა და “მილანსა” და “ვარეზესთან” მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, პირველზე კი 14 ქულით “მონტეპასკი” იმყოფება.
ესტონეთის ჩემპიონატი
გიორგი ცინცაძის “როკმა” ესტონეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ „კალევის“ დამარცხების შემდეგ რიგითი „რაპლა“ იოლად – 84:61. ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25.27 წუთში 8 ქულა მიითვალა. ცინცაძემ 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო პერიმეტრიდან შესრულებული სამივე ცდა უშედეგო გამოუვიდა. სამაგიეროდ, თავი შეტევების ორგანიზებაში გამოიჩინა და 4 შედეგიანი გადაცემით ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ამის გარდა ცინცაძემ 5 მოხსნა და ერთი ჩაჭრაც გააკეთა. ტარტუელები ესტონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
ადრიატიკის ლიგა
ვლადიმერ ბოისას მოედანზე დაბრუნებას დეკემბერში ელოდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს სარეაბილიტაციო პროცესი ჯერაც მიმდინარეობს. გიორგი შერმადინს კი „ოლიმპიაში“ მოედანზე კვლავ არ უწევს საკმაო დროით გასვლა. მორიგ ტურში ლიუბლიანელები ჩეხეთში ჩავიდნენ და მასპინძელი „ნიმბრუკი“ 85:72 დაამარცხეს.
შერმადინმა 12 წუთი ითამაშა და მოედანი 4 ქულითა და 2 მოხსნით დატოვა. შერმადინმა 4–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა. ლიუბლიანის „ოლიმპია“ ადრიატიკის ლიდერია სლოვენიურ კრკა–სა და ჩერნიგორიულ „ბუდუჩნოსტთან“ ერთად. სამივე გუნდს 7 მოგება და 4 მარცხი აქვთ.