იტალიის სერია A
მცირე საშობაახალწლო შესვენების შემდეგ ევროპაში საკალათბურთო ჩემპიონატები განახლდა და საქმეში ქართველი ლეგიონერებიც ჩაერთვნენ. დავიწყოთ იტალიის სერია A–ში, სადაც ორი წარმომადგენელი გვყავს.
იტალიაში ორივე ქართველის გუნდმა მოიგო. მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” საკუთარ მოედანზე, მოულოდნელად, იოლად დაამარცხა ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი “აველინო”. მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში 15-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და მომდევნო პერიოდებში უპრობლემოდ ზრდიდნენ ქულათა შორის სხვაობას. საბოლოოდ, “კანტუმ” 85:61 იმარჯვა.
მარკოიშვილმა შეხვედრა სასტრატო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 11 ქულის (9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 4 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამ შედეგით იგი თანაგუნდელებში მხოლოდ მაარტენ ლეუნენსა (25 ქულა) და ნიკოლას მაცარინოს (24 ქულა) ჩამორჩა.
“კანტუსთვის” ეს ჩემპიონატში მოპოვებული მე-8 გამარჯვება იყო და მარკოიშვილის გუნდი გათამაშების ცხრილში ევროლიგაში მოასპარეზე “მილანთან” მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. ამ გუნდებს ერთი მოგებით ჩამორჩება ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსი”, რომელმაც გუშინ გასვლით შეხვედრაში “ვანოლი” 74:69 დაამარცხა.
სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მწვრთნელებმა მას მოედანზე ყოფნის საშუალება მხოლოდ 12 წუთით მისცა. დროის ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 5 ქულისა (3-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი) და 4 მოხსნის გაკეთება მოასწრო.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ესპანეთის ჩემპიონატში იმარჯვა ტაირონ ელისის “კახასოლმაც”. ქართულად ნატურალიზებული ამერიკელის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში “მანრესას” 62:59 სძლია. შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა. თანაბარი ანგარიშით (18:18) დასრულებული პირველი ათწუთეულის შემდეგ, მომდევნო პერიოდი “კახასოლმა” 21:12 მოიგო და დარჩენილ დროში მასპინძლები ძირითადად მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებით იყვნენ დაკავებული. საბოლოოდ, “კახასოლმა” შეხვედრა სასურველ შედეგამდე მიიყვანა (62:59) და ჩემპიონატში, 6 მარცხის წილ, მე-10 გამარჯვება გაიფორმა. ანალოგიური შედეგი აქვს “ხუვენტუდსაც”, რომელთანაც “ტაის” გუნდი მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.
ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, “მანრესასთან” დაპირისპირება ელისისთვის არცთუ ისე შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე გატარებულ 29,32 წუთში მხოლოდ 8 ქულას (3-დან 0 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) მოუყარა თავი, რასაც 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.
“კახასოლისგან” განსხვავებით, წარუმატებლად ასპარეზობს ნიკა ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა”. გუშინ ქართველის გუნდი ესპანური კალათბურთის ერთ-ერთ ლიდერს, მადრიდის “რეალს” სტუმრობდა და დიდი შესვენების წინ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა (32:34) მეტოქეს, თუმცა, მომდევნო პერიოდებში ეტორე მესინას გუნდის უპირატესობა უკვე აშკარა გახდა და “ფუენლაბრადა” საბოლოოდ 72:88 დამარცხდა.
ცქიტიშვილი სტუმართა იმ სამ კალათბურთელს შორის მოხვდა, რომლებმაც 10-ქულიან ზღვარს უწიეს. “სკიტამ” 6 ორქულიანიდან და 3 სამიანიდან 2-2 ტყორცნა გამოიყენა და მოპოვებულ 10 ქულას 4 მოხსნაც დაუმატა.
სადღეისოდ, “ფუენლაბრადას” 6 გამარჯვების წილ 10 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში, კიდევ ოთხ გუნდთან ერთად, მეთორმეტე-მეთექვსმეტე ადგილებს იყოფს. აღსანიშნავია, რომ ისინი ფლეი-ოფში გამსვლელ მე-8 პოზიციაზე მყოფ გუნდს მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩებიან.
საბერძნეთის ჩემპიონატი
საბერძნეთის პირველობაში, ცქიტიშვილის ყოფილ გუნდთან, “პანიონიოსთან” მოუწია ურთიერთობის გარკვევა გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსს”. უარღესად დაძაბულ შეხვედრაში “პაომ” 80:76 იმარჯვა და 9 მოგებით “ოლიმპიაკოსთან” ერთად, დამაჯერებლად ლიდერობს ელადურ ჩემპიონატს. რაც შეეხება შერმადინს, ამ შეხვედრაში მას მონაწილეობა არ მიუღია.