მანუჩარ მარკოიშვილმა ევროპის ერთ–ერთ უძლიერეს ლიგაში 15 ქულის მითვლა მოახერხა და თავის გუნდს გაამარჯვებინა. მანუჩარის „კანტუ“ „ტერამოს“ მასპინძლობდა და 74:69 იმარჯვა, რისი წყალობითაც მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატის ლიდერთა შორის გაერია.
“მანუმ” ტერამოელთა წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 29 წუთში 15 ქულას, 3 მოხსნა, 1 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.
გამარჯვებული მანუჩარ მარკოიშვილი
მარკოიშვილმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველი კალათბურთელი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ამერიკელ ჯერი გრინს (17 ქულა) ჩამორჩა.
“კანტუს” 4 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ლიდერებს სიენას “მონტეპასკისა” და “აველინოს” კვალში ჩაუდგა.
უდანაკარგოდ მიმავალმა სიენელებმა მორიგი იოლი გამარჯვება “ფერარასთან” შეხვედრაში იზეიმეს. ნიკა მეტრეველის გუნდმა 89:69 მოიგო, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი 3 წუთს ითამაშა – 4 მოხსნა მიითვალა და ორჯერ დაჯარიმდა.
წარუმატებლობა განიცადა ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა”. ბოლონიელებმა მილანის “არმანი ჯინსს” პირველი ტაიმის შემდეგ 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრეს და ძირითადი დრო 73:73 დაასრულეს, თუმცა, ოვერტაიმში 83:87 დამარცხდნენ.
სანიკიძემ 12 წუთში ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და ბოლონიელებს მხოლოდ 5 მოხსნა შეაწია.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ბარსელონასთან” გასვლით მატჩში ჩინებულად გაისარჯა “კახასოლისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ტაირონ ელისი, რომელმაც მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
ელისმა სევილიელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ტაირონმა 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
დასკვნით მეოთხედში “კახასოლი” “ბარსელონას” ორ ქულამდეც კი დაუახლოვდა, თუმცა, გადამწყვეტ წუთებში კატალონიელები უფრო მობილიზებულნი იყვნენ და ხუან ნავაროს ორი სამქულიანის წყალობით, სტუმრები 76:67 დაამარცხეს.
შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, ელისმა ფეხი უხერხულად დადგა და კოჭი დაიშავა. ცხადია, ტაირონმა თამაში ვეღარ გააგრძელა, მატჩის შემდეგ კი ბარსელონას “პალაუ ბლაუგრანა” ექიმის დახმარებით, კოჭლობით დატოვა.
“კახასოლს” 2 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
საბერძნეთის ჩემპიონატს პირესოს “ოლიმპიაკოსთან” ერთად უდგას სათავეში ათენის “პანათაინაიკოსი”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს.
მე-3 ტურში “პაომ” სალონიკში “არისი” 70:62 დაამარცხა.
შერმადინმა 5 პერსონალური ფოლი 8 წუთში მიიღო და მოედანი უქულოდ დატოვა. გიორგიმ ერთადერთი არაზუსტი ორქულიანი განახორციელა, ათენელებს 4 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა და ბურთი ორჯერ დაკარგა.
“პანათინაიკოსის” რიგებში საუკეთესო ნიკოლა პეკოვიჩმა 14 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
გერმანიის საკალათბურთო პირველობაზე დიდი ბრძოლა გადახდა ლაშა გამყრელიძის “მიტელდოიჩერს”. “მგლები” დიუსელდორფის “ფორტუნას“ დასკვნითი მეოთხედის წინ 23 ქულით უგებდა, თუმცა, იმდენი “მოახერხეს”, რომ მეტოქეს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის საშუალება მისცეს.
მატჩის ძირითადი დრო 87:87 დასრულდა, ოვერტაიმში კი “მიტელდოიჩერმა” მობილიზება კიდევ ერთხელ მოახერხა და 101:96 იმარჯვა.
გამყრელიძეს მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, მოედანზე გატარებულ 18 წუთში კი 5 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლაშამ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტმა კი 11-ს უწია.
გამყრელიძის კლუბს 8 მატჩში 6 მოგება მოუგროვდა და 14 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.