გასული უქმეები ჩვენი ლეგიონერებისთვის დიდად ხეირიანი ვერ გამოდგა, თუმცა იყო რამდენიმე ქართველი, რომლებმაც უცხოურ კლუბებში გამოანათეს. ეს პირველ რიგში ესტონურ „ტარტუ როკში“ მოთამაშე გიორგი ცინცაძეს ეხება, რომელმაც 20 ქულა კი მიაშველა თავიასიანებს, მაგრამ მოსაგებად ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გიორგი ცინცაძე
ბალტიის ლიგის მორიგ ტურში „როკი“ ლიტვურ „ნევეჟისს“ მასპინძლობდა და მოულოდნელად მარცხი განიცადა. ცინცაძე ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 36 წუთი გაატარა, როს განმავლობაშიც 20 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ცინცაძე ტანოკა ბერდთან ერთად საუკეთესო მექულე გახდა ტარტულეტთაგან.
ხუთეულში არ უთამაშია, მაგრამ მოედანზე საკმაოდ დროით(25 წუთი) იმყოფებოდა „როკის“ მეორე ქართველი ლეგიონერი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ფარქვეშ აქტიურობით გამოირჩა. ვიქტორმა 10 მოხსნა მიითვალა, რასაც 6 ქულა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრა მოაყოლა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში ტარტუელებმა მაინც წააგეს – 76:80. „როკმა“ ბალტიის ლიგის სამ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და 10 გუნდში მე–9 ადგილზე არიან.
მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმაც” მესამე მატჩი ჩაატარა უკრაინის ჩემპიონატში და იუჟნის “ხიმიკს” 90:62 სძლია, რითაც ლიდერობა შეინარჩუნა. მარკოიშვილმა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და კიეველებს 8 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა.
მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.
“ბკ კიევის” რიგებში საუკეთესო ბაირამოვიჩმა 20 ქულა მიითვალა. მარკოიშვილის კლუბს 6 ქულა აქვს და ჩემპიონატს “აზოვმაშთან” ერთად ლიდერობს.
მე-4 ტურში “ბკ კიევი” გასვლით შეხვედრაში “ბკ პოლტავას” დაუპირისპირდება.
მანუჩარ მრკოიშვილი
ესპანური პრიმერადივიზიონის მონაწილეთაგან გამარჯვების გემო მხოლოდ ორს არ შეუგრძვნია და სამწუხაროდ ესენი საქართველოს ნაკრებთა წევრთა კლუბები არიან – ვლადიმერ ბოისას “ვივემენორკა” და ტაირონ ელისის “კახასოლი”.
მე-4 ტურში ბოისას გუნდი “მურსიას” ესტუმრა და 70:78 დამარცხდა. ვოვამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 17 წუთში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.
საერთოდაც უქულოდ დარჩა ტაირონ ელისი, რომლის “კახასოლმაც” “ბრუესასთან” საშინაო შეხვედრა 71:77 წააგო. ტაირონმა 15 წუთი დაყო მოედანზე და თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა “კახასოლს” მხოლოდ 2 მოხსნა
და 1 პასი შეაწია.
“მურსიას” ფარს უტევს ვლადიმერ ბოისა