მე–14 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე მშვიდობიანი გამოდგა. მეტოქეები თითქოს სიძლიერის მიხედვით დააწყვილესო – ცხრილის ლიდერები აუტსაიდერებს ხვდებოდნენ და დაგეგმილ გამარჯვებებსაც იოლად მიაღწიეს.
სამ შეხვედრაში ბრძოლა საერთოდ არც შედგა, იმხელა იყო ანგარიშში სხვაობა, ხოლო შედარებით დაძაბული ისევ და ისევ ცენტრალური მატჩი გამოდგა, რომელშიც „დინამო“ „ენერჯი–ინვესტს“ დაუპირისპირდა.დინამოელები გასული ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც მონაწილეობდნენ და ფავორიტი „ნტდ–თბილისი“ კინაღამ დაამარცხეს (78:80), ახლა კი კიდევ უფრო ძლიერ მეტოქეს პირველ ტაიმში ტოლ–სწორად ეპაექრნენ და მხოლოდ ბოლო მეოთხედში გატყდნენ.ქების ღირსია დინამოელთა შეუპოვრობა, რომლებიც არ შეეპუენ რუსთაველთა მტკიცე ავტორიტეტს და პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით – 42:44 წააგეს. ისევ გამოირჩა ახალგაზრდა გიორგი ხანიაშვილი, რომელიც 19 ქულით საუკეთესო იყო დინამოელთაგან. მისი და გიორგი ნანიტაშვილის ქულებით „დინამო“ მესამე მეოტხედამდე უძალიანდებოდა რუსთაველებს, ხოლო ბოლო ათწუთეულში გატყდა და საბოლოოდ 23 ქულით წააგო.რაც შეეხება „ენერჯი–ინვესტს“, ამ გუნდმა ჩვეულად გუნდური კალათბურთი ითამაშა და ამის ხარჯზე დაჯაბნა მეტოქე. ორმაგი დუბლით გამოირჩა ჟოლივეტ ტუჯანი, რომელმაც 16 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა, ხოლო მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ რუსთაველთა ლიდერთაგანმა გიორგი გამყრელიძემ მოედანი უქულოდ დატოვა. მან მეორე ტაიმში ფეხი იტკინა და ტამაშში აღარ დაბრუნებულა.ყველაზე არათანაბარი მატჩი კი „ავიამშენსა“ და „მაკაბის“ შორის გაიმართა, რომელშიც მიმდინარე სეზონის რეკორდი დაფიქსირდა: 60 ქულით ჯერ არავის წაეგო და ეს მაკაბელებმა „მოახერხეს“. „ავიამშენში“ ვისაც არ დაეზარა, ყველამ ყარა ბურთები, ყველაზე მეტი კი რიჩარდ მათიაშვილს დაუგროვდა – 23. გამოსარჩევია დავიტ ბერიშვილის 10 პასიც, რის შეგროვებასაც ტყუპისცალმა 20 წუთი დააჭირვა.„ავიატორებზე“ მეტი ქულა მოაგროვა „ნტდ–ტბილისმა“, რომელმაც „ბათუმი“ არ დაინდო და 125:68 დაამარცხა. ამ შეხვედრაშიც ყველაფერი თავიდანვე გაირკვა, როცა თბილისელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.თსუ–მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დაამარცხა 111:83 და ამ მატჩში საინტერესო ის იყო, რომ გამარჯვებულთაგან ერთბაშად სამმა მოთამაშემ გადააბიჯა 20–ქულიან ზღვარს: გიორგი მარკოიშვილმა (29), შიო ხეცურიანმა (27), და გულივერ ახალკაცმა (23 ქულა, 15 მოხსნა). აქვე ვთქვათ, რომ შსს–ს 37 წლის ცენტრმა კახა შენგელიამ 17 ბურთი მოხსნა, რასაც 20 ქულაც მოაყოლა და თავისიანთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.