2000 წლის 17 მაისს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 71:92 წააგო ლუქსემბურგთან. ეს მატჩი იმითაა გამორჩეული, რომ მასში ეროვნულ ნაკრებში ზაზა ფაჩულიას დებიუტი შედგა. ახალგაზრდა, 17 წლის ქართველი ცენტრი ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად გავიდა მოედანზე და 21 წუთში 9 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
მანამდე მხოლოდ საკალათბურთო წრეებისთვის ცნობილი ნიჭიერი ახალგაზრდა მთელმა საქართველომ გაიცნო. იმ დღეს საქართველოს ეროვნულ გუნდს ახალი ლიდერი მოევლინა, რომელმაც ეს სტატუსი 17 წლის მანძილზე ღირსეულად ატარა და გუშინწინ, ევრობასკეტ 2017-ის მატჩში იტალიასთან დასანანი მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
იტალიასთან ბოლო წამებზე დამარცხებით გულგატეხილმა საქართველოს ნაკრების წევრებმა ეს ამბავი 7 სექტემბერს, გამთენიისას, სოციალური ქსელით შეიტყვეს. ზაზამ ეროვნული ნაკრებში კარიერის დასრულების ამბავი პირველად ოფიციალურად საკუთრი ფეისბუქის გვერდზე, თელ ავივიდან დაწერა, რამაც ნაკრების ხელმძღვანელობას ერთდროულად მწუხარებისა და მადლიერების გრძნობა მოჰგვარა.
ზაზა ფაჩულია 17 წლის მანძილზე გახლდათ ეროვნული ნაკრების ლიდერი და მისი ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული წევრი. ყველა დიდმა გამარჯვებამ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 21 საუკუნეში მოიპოვა, ფაჩულიას მხრებზე გადაიარა. ყველა შეხვედრაში, რომელშიც ზაზამ ითამაშა, უკან არ დაუხევია და ოპონენტებთან ბრძოლაში უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ მადლიერებას გამოხატავს ზაზა ფაჩულიას მიმართ როგორც ეროვნული ნაკრებისთვის გაღებული შრომისთვის, ისე ზოგადად, ქართული კალათბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომავალ მატჩებში ძალიან დააკლდება მისი ლიდერი და კაპიტანი, რომელთან ერთადაც ევროპის B დივიზიონიდან ევრობასკეტზე ზედიზედ 4-ჯერ გასვლით, რთული, ემოციური, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და ლამაზი გზა გაიარა.