ნიკოლოზ ცქიტიშვილის „მაჰრამი“ დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის ნახევარფინალში გავიდა. აზიაში უძლიერესი საკალათბურთო ლიგის მეოთხედფინალში მაჰრამელებმა იორდანული „არამექსი“ დაამარცხეს. საპლეიოფო დაპირისპირება ორ მოგებამდე გრძელდებოდა. ცქიტიშვილის გუნდმა 6 თებერვალს იორდანიის დედაქალაქში მოპოვებულ გამარჯვებას შინაური მოგებაც მოაყოლა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გადამწყვეტ მატჩში „მაჰრამს“ „არამექსის“ ძლევა არ გასჭირვებია. მაპინძლებმა 91:55 იმარჯვეს. ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა. „მაჰრამმა“ შეხვედრის დებიუტშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა 20–ქულიან უპირატესობას მიაღწია და მწვრთნელმა გუნდის ლიდერები აღარ დატვირთა. ცქიტიშვილმა 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.
ნახევარფინალში „მაჰრამი“ თანამემამულე „ზობ აჰანს“ შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ლიბანური „ალ მუტაჰი“ დაამარცხა.