ევროსაბიელზე დიდი დაფასება ხვდა წილად ქართველ არბიტრს. მაკა კუპატაძემ ევროპის ქალთა ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა. კონტინენტის პირველობა 30 ივნისს დასრულდა. ფინალში ესპანეთმა 70:69 დაამარცხა საფრანგეთი, მესამე ადგილისთვის მატჩში კი, რომელსაც ქართველი არბიტრი მსაჯობდა, თურქეთმა სერბეთს 92:71 აჯობა.
კუპატაძეს აქამდე არაერთი ფინალი და პლეი ოფის მატჩი უმსაჯია, ოღონდ ასაკობრივ ჩემპიონატებში. ასეთი მაღალი დონისა და მნიშვნელობის შეხვედრა ქართველ მანდილოსან არბიტრს არასდროს უმსაჯია. მე-3 ადგილისთვის მატჩამდე მაკამ ევროპის ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში იმსაჯა და მათში გამოჩენილი პრინციპულობის გამო დანიშნეს იგი „ბრინჯაოს მატჩის“ არბიტრად.
კუპატაძესთან ერთად მე-3 ადგილისთვის მატჩი ევროლიგის მოწინავე არბიტრებმა – ესპანელმა ანა კარდუსმა და პორტუგალიელმა სერჟიო სილვამ იმსაჯეს. აღნიშნულ ბრიგადაში შემავალმა მსაჯებმა ისეთივე წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, როგორც მანამდელ მატჩებში.