მაკფადნის 23 ქულა, MVP-ს ტიტული და გამარჯვება ბრეგანთან

მაკფადნის 23 ქულა, MVP-ს ტიტული და გამარჯვება ბრეგანთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გამოირჩა. მაკფადენი გასულ სანაკრებო ფანჯრის დროს ილიას ზუროსმა გამოიძახა, თუმცა ის 1 ადგილი, რომელიც ყველა ნაკრებს ნატურალიზებული მოთამაშისთვის აქვს განსაზღვრული, ასევე ესპანეთში მოთამაშე ამერიკელმა, “ბასკონიის” წევრმა მეტ ჯენინგმა დაიკავა. 

ამ 2 ამერიკელიდან რომელი ითამაშებს საქართველოს ნაკრების 30 ნოემბრისა (ესტონეთში) და 3 დეკემბრის (თბილისში ისრაელთან)მატჩებში, ამას ილიას ზუროსი შექმნილი სიტუაციიდან გადაწყვეტს. მანამდე კი ჯენინგიც და მაკფადენიც ევროპის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში იხვეწებიან. მაკფადენმა მე-3 ტურში თავის კლუბ “ტენერიფე იბეროსტარს” მოაგებინა. კუნძულელებმა “ბრეგანს” უმასპინძლეს და 90:78 დაამარცხეს.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თადმა 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, მაკფადენის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ტენერიფელებს თითო მოგება-წაგება მოუგროვდათ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 6 ოქტომბერს “ობრადოიროსთან” გამართავენ.