სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. თანაც ეს ქართველმა ფორვარდმა ნბა-ს მოქმედ ჩემპიონთან და ორგზის MVP-ის, ნიკოლა იოკიჩის გუნდთან – დენვერ ნაგეტსთან მოახერხა და რაც მთავარია, სანდროს გუნდმა იმარჯვა. მატჩი, რომელიც ტეხასში გაიმართა, ძალიან დაძაბული გამოდგა და სან ანტონიოს გამარჯვებით – 121:120 (სტატისტიკა) დასრულდა.
არადა, დენვერს, რომელიც დასავლეთ კონფერენციის მოსაგებად იბრძვის, რათა პლეი ოფში შესაძლო ოპონენტებთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს, გამარჯვება ძალიან უნდოდა. სან ატონიო კი იმავე დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იყო და მასთან ალბათ გასეირნებით მოგება ჰქონდათ კოლორადოელებს დაგეგმილი. სან ანტონიოსა და ნბა-ს ამომავალმა ფრანგმა ვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ საოცარი მატჩი გამოაცხო, რასაც მამუკელაშვილის უძლიერესი თამაშიც დაერთო და სფურსმა უდაძაბულეს დაპირისპირებაში დაამარცხა ფავორიტი.
იმ საოცარი გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რამაც სან ანტონიოს 23-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილებინა, ვემბანიამასთან ერთად მამუკელაშილიც იყო. ჩამორჩენის გაბათილების შემდეგ ტეხასელებმა დაცვაში მაგრად ითამაშეს და ბოლო 1:19 წუთში დენერელებს ბურთი არ ჩააგდებინეს. იოკიჩი, რომელიც ნბა-ს 2021 და 2022 წლების MVP-ია, გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მან 39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა, 7 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა. ბევრად სასარგებლო იყო ვემბანიამა – 34 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი. მამუკელაშვილის ანგარიშზე 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. მამუმ სეზონში მესამედ ითამაშა სასტარტოში, მოედანზე ამჯერად 30 წუთი დაყო და საოცარ გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.
მამუკელაშვილმა მატჩის შემდეგ ერთ ეპიზოდზე გააკეთა საინტერესო კომენტარი, რომელიც პირველ ნახევარში მოხდა. დენვერელმა აარონ გორდონმა უხეშად ითამაშა ვემბანიამაზე, რომელიც ფიცარნაგზე დაეცა, მსაჯებმა კი ჯარიმა არ დააფიქსირეს. ამ ეპიზოდზე მამუკელაშვილმა თქვა: “იცით რამ მომცა დამატებითი მოტივაცია? როცა ვემბა მოედანზე დაეცა და გორდონი მას ზემოდან დაჰყურებდა. იმ დროს მოედანზე არ ვიყავი, თორემ ტექნიკურ ჯარიმას მივიღებდი. კარგია, რომ სკამზე ვიჯექი, რადგან არ მაქვს ჯარიმისთვის გადასაყრელი 25 ათასი დოლარი”.
მამუკელაშვილმა 30 წუთში თამაშიდან 14 სროლა შეასრულა: 9 ორქულიანი (5 ჩააგდო) და 5 სამიანი (3 გამოიყენა). 4 საჯარიმო ტყორცნიდან სანდრომ 2 მოათავსა კალათში და შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. გამარჯვების ბურთი ტრე ჯონსმა ჩააგდო მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე.
თავის მხრივ, სან ანტონიომ გუნდის ანტირეკორდი თავიდან აირიდა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში 20 მოგებასა და 62 მარცხს შეადგენდა. დენვერთან გამარჯვება სფურსისთვის მიმდინარე სეზონში 21-ე იყო. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას სან ანტონიო 14 აპრილს, ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის (14 მოგება, 67 მარცხი) მქონე დეტროიტთან შინ გამართავს.
მამუკელაშვილის ჰაილაითები დენვერთან
მატჩის სრული ჰაილაითები