ქართველი ლეგიონერები წარმატებულ სეზონს ატარებენ. მათ შორის ერთ–ერთი გამორჩეული მანუჩარ მარკოიშვილია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟლ და მძლავრ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში პირველ მარტს 32 ქულა დააგროვა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შემდეგ მანუჩარმა იტალიის ჩემპიონატში „აველინოს“ წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა და თავი 18 ქულას მოუყარა. მანუჩარს დღეს იტალიაში შევეხმიანეთ და განვლილ თამაშებზე ვესაუბრეთ.
მარკოიშვილი “ჟალგირისთან”: 32 ქულა
– მანუჩარ, ჩვენი წინა საუბრისას თქვი, რომ რამდენიმე გამორჩეული მატჩის მიუხედავად მიმდინარე სეზონში სტაბილურობა გაკლია. მას შემდეგ ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარე. რას იტყვი, სტაბილურობას მიაღწიე?
– სტაბილურობამდე ჯერაც ბევრი მაკლია. თუმცა იმასაც ვერ უარვყოფ, რომ შედეგიანობა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე. ამას ჩემმა მონდომებამ ხომ შეუწყო ხელი და გარკვეული როლი გუნდის უკანახაზელის, ჯანლუკა ბაზილეს ტრავმამაც ითამაშა. „კანტუს“ ძირითადი გამთამაშებლის არყოფნაში მეტი თავისუფლება მაქვს შეტევაში და შედეგიანობაც ამიმაღლდა.
– რამდენად სერიოზულია ბაზილეს ტრავმა?
– ჯანლუკა კვლავაც ტრავმირებულია და ჯერჯერობით მოედანზე ვერ გადის. მომავალ მატჩებში ის „კანტუს“ ვერ დაეხმარება.
– ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში 32 ქულა ჩააგდე და ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდი. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს?
– სხვათა შორის, ამას ბევრი მეკითხება. მე კი მიმაჩნია, რომ უბრალოდ კარგი მატჩი ჩავატარე. 32 ქულა ჩავაგდე და ამის გამო ასეთი აჟიოტაჟი შეიქმნა. ამ შეხვედრას ჩემს კარიერაში არაფერი შეუცვლია. მე მას რიგით მატჩად მივიჩნევ. აქ დაინტერესებაც არ ყოფილა. საქართველოში უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ ფაქტს. არაერთი ჟურნალისტი დამიკავშირდა, ქართული ტელევიზიაც აპირებს გადამღები ჯგუფის მოვლინებას.
– ევროლიგაში 32 ქულის ჩაგდება იოლი საქმე არაა…
– იოლად არ ჩამიგდია, მთელი მობილიზებით ვითამაშე. სხვათა შორის, ასეთი სერიოზულობითა და მონდომებით ვეკიდები ყველა მატჩს, თუმცა კაუნასში, „ჟალგირისთან“ თამაშიც წამივიდა და მეც ბოლომდე გამოვავლინე ჩემი დადებითი თვისებები. ამ მოგების შემდეგ ტოპ–16–ში რომ გავსულიყავით, სულ სხვა ეფექტი იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად მოგებისა, ჩვენმა გუნდმა ევროლიგაში გამოსვლა დაასრულა. თუმცა ვფიქრობ, რომ „კანტუმ“ ტურნირი ღირსეულად ჩაატარა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავედით, სადაც 3 მატჩი მოვიგეთ, ამდენიმე დავთმეთ და მეოთხედფინალში ბურთების შეფარდების გამო ვეღარ გავედით.
მარკოიშვილი “აველინოსთან”: 22 ქულა
– „ჟალგირისთან“ მატჩის შემდეგ იტალიის ჩემპიონატშიც კარგად ითამაშე. რას იტყვი „აველინოსთან“ ჩაგდებულ 18 ქულაზე?
– „აველინოსთან“ მატჩს კარგად მობილიზებულები შევხვდით. ამ გუნდს ახლახან თასის მეოთხედფინალშიც იოლად მოვუგეთ. იმ შეხვედრაში 22 ქულა ჩავაგდე. რაც შეეხება გასულ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრას, კვლავ არ გაგვჭირვებია, რაც კარგი დაცვის გამო მოხდა. მეტოქეს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ყველაფერზე ნათლად მიუთითებს. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, თორემ 18 ქულას ჩავაგდებ თუ რვას, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
– გუშინ იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა, რომელშიც შენმა თანაგუნდელმა გიორგი შერმადინმაც მიიღო მონაწილეობა…
– გიორგისთვის მნიშვნელოვანი იყო ოლ სტარში თამაში. ეს მისი კარიერისთვის ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება შეხვედრას, დიდად არ მომეწონა. ოლ სტარის დატვირთვა ხომ სანახაობაა, აქ კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იტალიის ნაკრები შედეგზე თამაშობდა და მოგებას მიაღწია კიდეც. ნამდვილი ოლ სტარი ამერიკაში იმართება, ევროპა ჯერ არაა იმ დონეზე განვითარებული, რომ ნბა–ში რომაა, ისეთი სანახაობრივი თამაშები მოაწყოს. იტალიის ოლ სტარი ნაკრების კანდიდატების შეკრების ერთ–ერთი საშუალებაა. ნაკრების მწვრთნელი თავს უყრის სერია A-ში მოთამაშე გამორჩეულ იტალიელ კალათბურთელებს და ორდღიან შეკრებას გადიან.
– დაბოლოს, შენს კონტრაქტზე გკითხვავ. რამე ახალი ხომ არაა?
– ჯერჯერობით არაფერი. ჩემი კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების უფლება „კანტუს“ ხელმძღვანელობას აქვს და დამიტოვებს თუ არა, სეზონის ბოლოს გადაწყდება.