მანუჩარ მარკოიშვილმა 19 ქულა დაიბედა

მანუჩარ მარკოიშვილმა 19 ქულა დაიბედა

სერია „ა“-ს გასულ სამ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილმა 57 ქულა დააგროვა. ამ შეხვედრებში ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 19 ქულას შეადგენს. უბრალოდ რომ ვთქვათ, „კანტუს“ ქართველმა უკანახაზელმა იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში 19 ქულა მიითვალა.
 

 
თუკი აქამდე მარკოიშვილმა „მონტეგრანაროსა“ და „რეჯიო ემილიას“ ჩაუგდო 19-19 ქულა, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში მან ეს შედეგი მილანში, „ემპორიო არმანისთან“ პრინციპულ შეხვედრაში გაიფორმა.  მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გაირკვა. შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო, თუმცა კანტუელებმა შესანიშნავად ჩაატარეს ბოლო წამები და საბოლოოდ 84:76 გაიმარჯვეს. მატჩის საუკეთესო პიეტრო არადორიმ 25 ქულა მოინაგრა, ხოლო მანუჩარმა, როგორც თავშივე ვთქვით, პირად ანგარიშზე კვლავ 19 ქულა ჩაიწერა.
 
მარკოიშვილმა მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა და 12 ორქულიანიდან 6, ხოლო 3 სამიანიდან 1 ჩააგდო. მანუჩარმა შეუცდომლად ესროლა 4 საჯარიმო და ზედიზედ მესამე მატჩში 19 ქულა გაიფორმა. ამას გარდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელს 8 მოხსნა და 2 პასიც ჰქონდა.
 
14 ტურის თავზე კანტუელებს 10 გამარჯვება აქვთ და მესამე ადგილზე არიან. ამ ტურის მატჩს ორშაბათს თამაშობს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და თუკი იმარჯვებს, კანტუელებს მესამე ადგილის დათმობა მოუწევთ.