თურქეთის ჩემპიონატის მესამე ტურის ბოლო 2 მატჩი, რომელიც ორშაბათს ჩატარდა, ქართველი კალათბურთელების გუნდები მონაწილეობდნენ. ვიქტორ სანიკიძის თედ კოლეჯმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მანუჩარ მარკოიშვილი კი დარუშაფაკას რიგებში დაბრუნდა.
მანუჩარს ფეხის კუნთი ჰქონდა დაჭიმული და რამდენიმე მატჩი გაუცდა. უშაკთან მატჩში მარკოიშვილი მოედანზე 12 წუთით გამოჩნდა და სავარაუდოდ მეტსაც ითამაშებდა, რომ არა 5 პერსონალური ფოლი, რის გამოც ქართელმა უკანახაზელმა სათადარიგოებში გადაინაცვლა. მანამდე კი მარკოიშვილმა 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება მატჩის შედეგს, დარუშაფაკამ დაძაბულ ბრძოლაში – 70:72 წააგო და 3 ტურის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ანალოგიური შედეგი აქვს ვიქტორ სანიკიძის თედ კოლეჯს, რომელმაც პირველი გამარჯვება გასულ ტურში მიითვალა. ანკარელებმა იესილგირესუნს უმასპინძლეს და 80:74 იძალეს.
ვიქტორ სანიკიძე მოედანზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ქართველმა ფორვარდმა 26 წუთში 9 ქულა, 7, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
მომდევნო ტურში მარკოიშვილისა და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. მატჩი 1 ნოემბერს გაიმართება.