მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები გამოტოვა, მოედანს თავის კლუბში დაუბრუნდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. იტალიურმა “რეჯიო ემილიამ” ევროთასის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლა და 75:61 დაამარცხა.
ევროთასმა გათამაშების ფორმატი შეცვალა და ოთხთა ფინალი გააუქმა. შესაბამისად, საპლეიოფო სერია ჩემპიონობამდე, მიმოსვლით გრძელდება და ნებისმიერ სტადიაზე გამარჯვებული 3 მატჩის შედეგად გამოვლინდება. შესაბამისად, თუკი გუნდმა სერიაში 2 მატჩი მოიგო, ის შემდეგ ეტაპზე გავა.
რეჯიოემილიელებმა ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და თუკი 9 მარტს “ზენიტს” სანკტ-პეტერბურგშიც დაამარცხებენ, ნახევარფინალში გავლენ. მარცხის შემთხვევაში, მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს იტალიური კლუბი 14 მარტს უმასპინძლებს.
“ზენიტთან” მოგებულ მატჩში მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:04 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მატჩის გმირი მასპინძელთა ამერიკელი კალათბურთელი ჯეილენ რეინოლდსი გახდა, რომელმაც 19:55 წუთში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 19 ქულა, 11 მოხსნა.
“რეჯიო ემილია” – “ზენიტის” წყვილის გამარჯვებულს ნახევარფინალში “ლოკომოტივი” (ყუბანი) – “გრან კანარიას (ესპანეთი) შორის გამარჯვებული შეხვდება.