მანუჩარ მარკოიშვილმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მისმა “ბკ კიევმა” კი ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო უკრაინულ სუპერლიგაში და ცხრილის სათავეში მყარად გამაგრდა.
დედაქალაქელებმა მესამე ადგილზე მყოფ “პულსარს” უმასპინძლეს და 73:53 დაამარცხეს, რაშიც მანუჩარ მარკოიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. ქართველმა უკანახაზელმა 28 წუთი ითამაშა და 18 ქულა მოაგროვა, რაც ამ მატჩში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
მარკოიშვილი “პულსარს” ფარქვეშიდან უტევს
მარკოიშვილმა 6 ორქულიანი ესროლა და ყველას მეტოქის ფარში მიუჩინა ადგილი, ხოლო 4 სამიანიდან 2 ჩააგდო. ამას გარდა მანუჩარმა 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასიც მიითვალა და მატჩის ღირსეულად საუკეთესო მოთამაშე გახდა. კიეველებს მხოლოდ საწყის მეოთხედში გაუჭირდათ, ხოლო მერე იოლად მოარგეს გასაღები “პულსარის” დაცვას და საბოლოოდ 20–ქულიანი გამარჯვებაც მიითვალეს.
მომდევნო სასუპერლიგო მატჩს კიეველები “სუმიხიმპრომთან” სტუმრად 8 ნოემბერს გამართავენ, მანამდე კი, 4–ში, ულებ–ის თასზე ბერძნულ “პანელინიოსს” გაეჯიბრებიან.