დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაიმ“ „ბანვითი“ დაამარცხა და თურქეთის თასის გათამაშების ფინალში გავიდა.
შეხვედრა საბოლოოდ 12-ქულიანი სხვაობით დასრულდა, „გალათასარაიმ“ 81:68 იმარჯვა, თუმცა სტამბოლელთათვის მოგება იოლად არ მოსულა. მარკოიშვილის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მოგროვებული ლიდერობა გაანიავა. სტამბოლელები 57:44 იგებდნენ, თუმცა დასკვნითი პერიოდი 6:19 წააგეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
ოვერტაიმში „გალათასარაიმ“ დიდებულად ითამაშა. ამერიკელი ლეგიონერის, იამონტ გორდონის (29 ქულა) წინამძღოლობით ექსტრახუთწუთეული 18:5 მოიგო და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულა. ქართველ ლეგიონერს წინა მატჩის დარად ქულა არ მოუგროვებია. მარკოიშვილმა მხოლოდ 3:31 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. მანუჩარმა 2 ორქულიანის სროლა მოასწრო, თუმცა – არაზუსტად.
ფინალში „გალათასარაის“ მეტოქე „ფენერბაჰჩე“ იქება, რომელმაც თავის მხრივ „ბეშიქთაში“ 75:66 დაამარცხა. სატიტულო მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.