მარკოიშვილის 12 ქულა და შერმადინის ხუთეული

მარკოიშვილის 12 ქულა და შერმადინის ხუთეული

იტალიის სერია A–ში თავი გამოიჩინა მანუჩარ მარკოიშვილმა. მისმა გუნდმა ჩემპიონატის მე-2 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა. კანტუელებმა კრემონას ”ვანოლი-ბრაგა” 77:75 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კი 27 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. “მანუმ” 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
დაძაბული ბრძოლა გადახდა ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარსაც”, რომელიც სერია A-ს დებიუტანტ “ბრინდისის” ესტუმრა და 84:87 წააგო. სანიკიძემ 17 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ვიქტორმა 2 ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, 2 სამქულიანი ააცილა, სამჯერ დაჯარიმდა და 2 შეცდომა დაუშვა.
იტალიის სერია B–ში ნიკა მეტრეველის “რიმინიმ” ”აურორას“ უმასპინძლა და 89:96 იმარჯვა. 19 წლის ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 3 წუთს ითამაშა. რიმინელები 3 მოგებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
ლიუბლიანას „ოლიმპიაში“ ხუთეულში გამოჩნდა გიორგი შერმადინი. ადრიატიკის ლიგის მატჩში ლიუბლიანელები ხორვატიაში “ციბონას ” შეხვდნენ და 3 ქულით, 81:84 წააგეს. ქართველმა ცენტრმა კი 8:30 წუთს ითამაშა და სტუმრებს 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. “ოლიმპიასთვის” ეს პირველი მარცხი იყო და 14-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
 

მანუჩარ მარკოიშვილი