მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება “ბეშიქთაშთან”

მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება “ბეშიქთაშთან”

მანუჩარ მარკოიშვილის შედეგიანი მატჩი. ქართველმა უკანახაზელმა თავი თურქეთის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან გამოიჩინა. მისი 16 ქულა მნიშვნელოვანი დახმარება იყო „დარუშაფაკასთვის“, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბეშიქთაშს“ 99:86 სძლია.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა შესაშური სამიზნე გამოავლინა და 4-დან 4-ივე სამქულიანი ჩააგდო. ამას მანუჩარმა 3-დან 2 ორიანიც მოაყოლა და შეხვედრა 16 ქულით, 2 პასით და 1 მოხსნით დაასრულა. ქართველმა უკანახაზელმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. მარკოიშვილთან ერთად გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო 17 ქულის მიმთვლელმა ჟამონ ლუკასმა და სემიჰ ერდენმა (14).
7 მოგებითა და 4 მარცხით მარკოიშვილის გუნდს „გალათასარაისა“ და „ფენერბაჰჩეს“ კვალზე თურქეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი უკავია. 24 დეკემბერს, მორიგ ტურში „დარუშაფაკა“ სტუმრად „ტრაბზონსპორს“ შეხვდება.