მარკოიშვილის 19 ქულა არ დაფასდა

ქართველი ლეგიონერების გუნდებმა გასულ უქმეებზე კარგად  იასპარეზეს, თუმცა ვინც ყველაზე კარგად ითამაშა, იმისმა გუნდმა წააგო. დავიწყოთ იტალიური სერია A–დან, სადაც მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” 15 ქულით წააგო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ვარეზესთან” – 66:81.
“მანუმ” შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. მან 12-დან 9 ორქულიანი გამოიყენა, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმოც (2-დან) დაურთო და 19 ქულით არა მხოლოდ თანაგუნდელთა შორის, არამედ სრულიად მატჩის საუკეთესო მექულე გახდა. ამის გარდა, ქართველმა აქტივში 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა, მასპინძელთა კალათბურთელები კი, მის წინააღმდეგ თამაშისას 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
როგორც უკვე ვთქვით, მარკოიშვილის სიჩაუქის მიუხედავად, “კანტუ” მაინც დამარცხდა და წაგებების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა, მოგებათა გრაფაში კი 8 უწერია და ამ შედეგით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე იმყოფება. დღეს მასთან წამოწევის შანსი ექნება ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსს”, თუკი ბოლონიელები საკუთარ მოედანზე “სკავოლინის” დაამარცხებენ.
ადრიტიკის ლიგაზე მეცხრე გამარჯვება იზეიმა ვლადიმერ ბოისას “ზადარმა”. ხორვატულმა კლუბმა საშინაო შეხვედრაში სერბული “რადნიჩკი” პრაქტიკულად უშანსოდ, 86:60 დაამარცხა, რაშიც გარკვეული წვლილი საქართველოს ნაკრების ფორვარდმაც შეიტანა. ვოვამ 23 სათამაშო წუთში 7 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სა¬ჯარიმო), 5 მოხსნა და ერთი პასი ჩაიწერა.
სადღეისოდ, “ზადარი” მეექვსე ადიგილზე იმყოფება, თუმცა წინამორბედ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მისი მოგების შემთხვევაში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
“დონეცკის” შემადგენლობაში თავისი მეორე შეხვედრა გამართა გიორგი ცინცაძემ. უკრაინულმა გუნდმა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად, “VTB-ის გაერთიანებულ ლიგაში” ასპარეზობს, საკუთარ მოედანზე რიგის ვეფ-ს უმასპინძლა და მეტოქე 96:80 დაამარცხა.
მართალია, ქართველ გამთამაშებელს შეხვედრა სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, მაგრამ მას მწვრთნელებმა საკმაოდ სოლიდური სათამაშო დრო მისცეს. ცინცაძემ 29.26 წუთში 9 ქულას (2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო) მოუყარა თავი, საიდანაც უმეტესი ნაწილი ზუსტ საჯარიმოებზე მოდის. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რიგელი კალათბურთელები მის წინააღმდეგ ხშირად ჯარიმდებოდნენ. ლატვიელებმა მასთან თამაშისას ჯამში 6 ფოლი მიიღეს. ამის გარდა, გიორგიმ 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა, პასივში კი, 5 შეცდომა გაიფორმა.
“დონეცკისთვის” ეს “VTB-ის გაერთიანებულ ლიგაში” ჩატარებული ბოლო შეხვედრა იყო. უკრაინელებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და “ოთხთა ფინალში” გასვლა ვერ მოახერხეს.
იმარჯვა საბერძნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა, გირგი შერმადინის “პანათინაიკოსმაც”. ქარველის გუნდმა საკუთარ მოედანზე საშუალო დონის “პერისტერი” 31 ქულის სხვაობით, 92:61 დაამარცხა.
ათენელთა ამ გამარჯვებაში შერმადინმა მხოლოდ სიმბოლური წვლილი შეიტანა – ქართველმა ცენტრმა 7.43 წუთში ერთადერთი ორქულიანი ზუსტად გამოიყენა, სამივე საჯარიმო კი, უშედეგოდ ტყორცნა და საბოლოოდ 2 ქულას, 4 მოხსნასა და ერთ ჩაჭრას დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მასპინძელთაგან სწორედ შერმადინის თანაამპლუელებმა გაილაღეს – ნიკოლა პეკოვიჩი 20 ქულით მატჩის საუკეთესო სნაიპერი გახდა, ხოლო მაიკ ბატისტმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
გერმანიის ჩემპიონატში დასანანი მარცხი განიცადა გიორგი გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა”. “ულმთან” გასვლით შეხვედრაში ქართველის გუნდი მუდამ მდევრის როლში იყო, თუმცა ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა, ოვერტაიმში კი მასპინძლებს ოდნავ მეტი ძალები აღმოაჩნდათ შემორჩენილი და თამაში 4 ქულის სხვაობით, 84:80 მოიგეს.
ვერც გამყრელიძემ გამოიჩინა დიდად თავი. 18.50 წუთში მან ერთი ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო – ორ-ორი ორქულიანი და სამქულიანი მიზანს მიღმა გაისროლა და საბოლოოდ მხოლოდ 2 შედეგიან პასსა და ერთ მოხსნას გამორჩა.
“მიტელდოიჩერი” 10 მოგებითა და 8 წაგებით საფლეიოფო ზონაში, კერძოდ კი მეშვიდე ადგილზე იმყოფება და თუკი ცხრილის ზედა ნაწილში არსებულ სიმჭიდროვეს გავითვალისწინებთ, რამდენიმე საფეხურით ანაცვლებაც არ არის გამორიცხული.
 

მანუჩარ მარკოიშვილი