მანუჩარ მარკოიშვილის საუკეთესო მატჩი თურქულ „დარუშაფაკაში“. სტამბოლური გუნდი ევროლიგის მორიგ ტურში თელ-ავივში „მაკაბის“ ეთამაშა და საამაყო გამარჯვება იზეიმა – 84:73.
თურქული კლუბის გამარჯვებაში უმთავრესი როლი მარკოიშვილმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და სტამბოლური კლუბის წევრთაგან მოედანზე ყველაზე დიდი დრო – 30:51 წუთი გაატარა. საბოლოოდ, მანუჩარის მონაგარმა 22 ქულა, 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი შეადგინა.
მანუჩარმა 5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. მარკოიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში თურქულმა კლუბმა მასპინძლებზე 3 ქულით მეტი ჩააგდო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მარკოიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შეხვედრის შემდეგ ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დარუშაფაკელთაგან სწორედ მარკოიშვილს ჩამოართვაკომენტარი: “ყველასთვის ცნობილია, რომ “მაკაბისთან” სტუმრად თამაში, სადაც მას წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს, ურთულესი საქმეა. სწორედ ამიტომ, ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. უკან დასახევი გზა არ გვქონდა და თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, საჩვენოდ დავასრულეთ. ეს წარმატება სამომავლოდ თავდაჯერებას აუცილებლად შეგვმატებს”.
5 ტურის შემდეგ „დარუშაფაკა“ 2 გამარჯვებით მე-3 ადგილზეა, თუმცა ამ ჯგუფში 13 ნოემბერ კიდევ 2 მატჩი გაიმართება – მოსკოვის ცსკა ესპანურ „უნიკახას“ უმასპინძლებს, ხოლო გერმანული „ბროსე“ იტალიაში „დინამო სასარისთან“ ითამაშებს.