მარკოიშვილის ბოლო წუთის სამქულიანებით “კანტუმ” ტერმოში იმარჯვა

მარკოიშვილის ბოლო წუთის სამქულიანებით “კანტუმ” ტერმოში იმარჯვა

                  იტალიის სერია A
 
საქართველოს ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი იტალიის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს განაგრძობს. ის უკვე ჩამოყალიბდა „კანტუს“ ლიდერად და ამ გუნდს პლეი ოფისკენ მიუძღვება. კანტუელებმა ქართველი მსროლელის დახმარებით სერია A–ს მორიგ ტურში სტუმრად „ტერამო“ დაძაბულ ბრძოლაში 73:72 დაამარცხა.
თამაში ძალიან დაძაბული იყო, თითქმის მთელი შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, თუმც ბოლო წუთის დაწყებამდე მასპინძლებმა საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 72:65. ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ტერამოელებს მარკოიშვილმა არ დაანება. ქართველმა სნაიპერმა ზედ ბოლო წუთზე მიჯრით 2 სამქულიანი ჩაუგდო მასპინძლებს და კანტუელების ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა – 71:72.
მომდევნო შეტევაში მასპინძელთა ლიდერმა ჯუზეპე პოეტამ ორქულიანი ააცილა, ხოლო „კანტუს“ ამერიკელმა ლეგიონერმა ჯერი გრინმა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ზუსტი სროლით 73:72 დააწინაურა თავისიანები და სტუმრებმაც დრამატული მატჩი მოიგეს.
მარკოიშვილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთით მეტი ქულა ჩააგდო ტერამოელმა ვალერიო ამოროზომ, მარკოიშვილს საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა. მანუჩარმა 31 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 9 ცდიდან 5 სამქულიანი ჩააგდო, 4 ორიანიდან 2 მოათავსა ტერამოელთა კალათში, ხოლო 5 საჯარიმოდან 4 გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ამ ტურში მარკოიშვილის 23 ქულა საუკეთესო მესამე შედეგი იყო. ზემოთნახსენები ამოროზოს გარდა მარკოიშვილზე მეტი (29) ქულა ამ ტურში „კრემონელმა“ ანდრეა კონტიმ მიითვალა.
გასვლაზე ითამაშა და არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გადახდა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარს“. ბოლონიელები მილანში „არმანი ჯინსს“ გაეჯიბრნენ და 71:73 წააგეს. ქართველმა ფორვარდმა 19 წუთში 4 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა. მოხსნათა ეს ოდენობა საუკეთესო შედეგი იყო ბოლონიელთა შორის.
ამ წაგებამ „კანადიან სოლარი“ იმ 2 გუნდისგან გამოაცალკევა, რომლებთანაც ბოლონიელები III-V ადგილებს იყოფდნენ. ახლა სანიკიძის გუნდი მე–5 ადგილზეა, ხოლო მარკოიშვილის „კანტუმ“ მე–7 ადგილზე აინაცვლა.
იტალიის მესამე ლიგაში თამაშობს, თუმცა აქვე ავღნიშნავთ ნიკა მეტრეველის წარმატებულ თამაშს. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი „სიენადან“ „ფერენტინოშია“ განათხოვრებული, მეტრეველს ამით მეტი სათამაშო დრო აქვს. მისი გუნდი მორიგ ტურში შინ „ფრონტიერასთან“ 89:95 დამარცხდა, მეტრეველმა კი 29 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.
 
               გერმანული ბუნდესლიგა
 
სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა „მიტელდოიჩერის“ ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი გამყრელიძემ. მისი გუნდი დიუსელდორფში „ჯაიანთსს“ ეთამაშებოდა და საკმაოდ იოლად – 70:58 დაამარცხა.
გამყრელიძემ 33 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 6 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 5–დან 2 ორქულიანი, 1–დან 1 სამიანი და 10–დან 6 საჯარიმო ჩააგდო. როგორც ჩანს, გამყრელიძე საკმაოდ აქტიური იყო და ხშირად ახორციელებდა გარღვევებს, დიუსელდორფელები კი მასზე ჯარიმდებოდნენ.
ამ გამარჯვებამ „მიტელდოიჩერი“ საპლეიოფო ზონაში, მე–8 ადგილზე აღაზევა. მომდევნო მატჩს გამყრელიძის გუნდი 13 მარტს „ბრემერთან“ გამართავს.
 
         საბერძნეთის ჩემპიონატი
 
მორიგი გამარჯვება მიითვალა გიორგი შერმადინის „პანათინაიკოსმა“, თუმც ეს ქართველი ცენტრის გარეშე გააკეთა. შერმადინი პაოკ–თან გასვლით შეხვედრაში განაცხადში არ ყოფილა. ათენელებმა 82:74 იმარჯვეს და პირველ ადგილს ინარჩუნებენ.