დასანანი მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ევროლიგაში. სტამბოლელები ათენში „პანათინაიკოსს“ შეხვდნენ და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე – 79:82 დათმეს.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:20 წუთი ითამაშა. მანუჩარმა ერთნაირი წარმატებით ესტოლა როგორც ახლო, ისე შორი მანძილებიდან და ორივე შემთხვევაში 3 ცდიდან 1 ტყორცნა გამოიყენა. შედეგად ქართველ უკანახაზელს 5 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 4 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. მარკოიშვილის პასივში 6 დაკარგვა გახლდათ. დარუშაფაკელთა შორის 26 ქულით ჟამონ გორდონი გამოირჩა, ხოლო 18 ქულა ლიუკ ჰარანგოდის ანგარიშზე დაგროვდა. “პანათინაიკოსს“ გამარჯვებისკენ მიროსლავ რადულიცა და ნიკ კალატესი გაუძღვნენ.
5 ტურის თავზე მოუგებლად რჩება „დარუშაფაკა“, რომელიც ჯგუფის უპირიბო აუტსაიდერია და ევროლიგაში მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.