როგორც ჩანს, მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუსთვის“ ნახევარფინალში გასვლა მაქსიმუმი იყო. კანტუელებმა პლეი ოფის პირველ წრეში ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ 5–მატჩიან, დაძაბულ სერიაში დაამარცხეს და მორიგ მეტოქედ იტალიაში 1 თავით ყველაზე მაღლა მდგომ სიენის „მონტეპასკი“ ერგოთ. სიენელებმა რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩი წააგეს და მეორეზე გასულ „კასერტას“ მთელი 16 ქულით გაუსწრეს.
„მონტეპასკიმ“ მეოთხედფინალში „ბენეტონს“ არ დაუტოვა შანსი, სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოუგო და ამჯერად ხელში „კანტუ“ „ჩაუვარდა“. ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა წუხელ სიენაში გაიმარტა და მასპინძელთა გამარჯვებით – 100:73 დასრულდა.
შეხვედრა თავიდან ბოლომდე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. „სიენამ“ პირველი მეოთხედი 31:17 მოიგო, პირველი ტაიმის შემდეგ 51:37 ლიდერობდა, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს უკვე 30 ქულით – 84:54 იგებდა.
მარკოიშვილმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 3 ორქულიანი სროლიდან 2 ჩააგდო, ხოლო შორი დისტანციიდან მიზანი გაუმრუდდა – 5–დან 1 ჩააგდო.
მომდევნო მატჩი ისევ სიენაში 3 ივნისს გაიმართება.