მარკოიშვილის რეკორდული 25 ქულა სერია A-ში

მარკოიშვილის რეკორდული 25 ქულა სერია A-ში

                    იტალიის სერია A
 
მანუჩარ მარკოიშვილის ბრწყინვალე თამაშს ოდნავ აუფერულებს მისი გუნდის, „კანტუს“ მარცხი. ისე კი ქართველმა ლეგიონერმა მართლაც რომ დიდებულად ითამაშა. მარკოიშვილმა სტუმრად „მონტეგრანაროსთან“ 71:77 წაგებულ მაქტჩში 31 წუთი დაყო მოედანზე, რის განმავლობაშიც 25 ქულა მოაგროვა და ეს მის იტალიურ კარიერაში საუკეთესო შედეგია. საერთოდაც, 25 ქულა სერია A–ში არც ერთ ქართველს არ დაუგროვებია.
მარკოიშვილმა ერთნაირი შედეგიანობით ესროლა სამქულიანებიც და ორიანებიც: 5 ცდიდან 4–ჯერ იხეირა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 5–დან ხუთივე სროლა გამოიყენა და 25 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მისმა სამქულიანმა მატჩის მიწურულს 1 ქულით მიაახლოვა „კანტუ“ მეტოქეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერ ივარგეს სტუმრებმა და „მონტეგრანარომ“ იმარჯვა.
ამ მარცხით „კანტუ“ მე–7 ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის ბოლონიურ „კანადიან სოლარს“ ერთით მეტი მოგება აქვს და მე–4 ადგილზეა. ბოლონიელებმა ამ ტურში სტუმრად მაჩანჩალა „ნუოვა სებასტიანის“ 117:46 მოუგეს, თუმცა ამ გამარჯვებაში ვიქტორ სანიკიძეს არ მიუძღვის წვლილი. მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა განაცხადში კი იყო შეყვანილი. სავარაუდოდ, სანიკიძეს ტრავმა აწუხებდა.
 
                საბერძნეთის ჩემპიონატი
 
მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა „პანათინაიკოსმა“ და საბერძნეთის პირველობას კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობას. ათენელებმა ამჯერად შინ „არისს“ სძლიეს – 90:56.
გიორგი შერმადინმა ამ მატჩში 15 წუთი ითამაშა და რაც ესროლა, ყველა ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 3–დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო მიითვალა, მთლიანობაში 7 ქულა დააგროვა, რასაც 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა–დაფარებაც მოაყოლა.
14 წუთით გამოჩნდა მოედანზე „პანათინაიკოსის“ ძირითადი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი, რომელმაც 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
 
                    გერმანული ბუნდესლიგა
 
გამარჯვება მოიპოვა გიორგი გამყრელიძის „მიტელდოიჩერმა“, რომელმაც აუტსაიდერი „ჰაგენი“ 86:66 დაჯაბნა. ამ მოგებით ქართველი გამთამაშებლის გუნდი 9 ადგილზეა, პლეი ოფში კი საუკეთესო 8 გუნდი გადის.
გამყრელიძემ 20 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. მან 5–დან 3 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გამყრელიძემ 5 პერსონალური მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუხდა.
მომდევნო ტუში, 20 თებერვალს, „მიტელდოიჩერს“ სერიოზული გამოცდა ელის. სტუმრად „სკაილაინერსს“ ეთამაშება