მარკოიშვილისა და სანიკიძის გუნდების წარმატებული ტური

მარკოიშვილისა და სანიკიძის გუნდების წარმატებული ტური

იტალიის ჩემპიონატში გამარჯვება იზეიმა როგორც მანუჩარ მარკოიშვილის, ისე ვიქტორ სანიკიძის გუნდმა. ორივემ გასვლითი შეხვედრა მოიგო. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ სტუმრად „მონტეგრანარო“ 100:79 გაანადგურა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ ბოლონიაში „ვირტუსს“ 77:66 სძლია.
 
მარკოიშვილი სტაბილურობას ინარჩუნებს და თავის გუნდში კვლავ ერთ–ერთი საუკეთესოა. ქართველმა უკანახაზელმა „მონტეგრანაროსთან“ სასტარტო ხუთეულში, 33 წუთს ითამაშა და შეხვედრა 19 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. მანუჩარმა 6–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, შორი დისტანციიდან კი შესაშური მიზანი გამოავლინა და 6 ცდიდან 5 სამქულიანი მიითალა.
 
კანტუელთაგან ბომბარდირი პიეტრო არადორი გახდა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა, ხოლო მარკოიშვილის მსგავსად ალექს ტაიუსსაც 19 ქულა ჰქონდა. „კანტუსთვის“ ეს იყო მე–8 გამარჯვება 12 მატჩიდან . ამ შედეგით მარკოიშილის გუნდი მეოთხე ადგილზე რჩება, რასგან მესამეზე მყოფმა „სიენემაც“ იმარჯვა. სანიკიძეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაშმა.
 
საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13 წუთს იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში სანიკიძემ 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ვიქტორმა 5–დან 2 ორიანი და 1–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სიენელებმა გუნდურად ითამაშეს და გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. 15–15 ქულა დააგროვეს დევიდ მოსმა და მეტ ჯენინგსმა, ხოლო ტომას რესმა 14 მოინაგრა.
 
მომდევნო ტური 30 დეკემბერს გაიმართება და მასში „კანტუ“ „რეჯიო ემილიას“ უმასპინძლებს, ხოლო „სიენა“ ვენეციაში „უმანას“ შეხვდება.