მანუჩარ მარკოიშვილი „ბკ კიევის“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. უკვე მერამდენე მატჩია, ქართველი უკანახაზელი უმაღლეს დონეზე თამაშობს და თუკი კიეველები წარმატებას აღწევენ, უპირველესად მისი დამსახურებაა.
უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბკ კიევი“ „ნიკოლაევს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 68:61 დაამარცხა. მარკოიშვილმა შეხვედრა თითქმის შეუცვლელად ჩაატარა. მოედანზე გატარებულ 39 წუთში ქართველმა საშუალო დისტანციიდან 13-ჯერ ისროლა და მიზანში 6 მოარტყა. პერიმეტრიდან შესრულებული 4 ტყორცნიდან შედეგიანი მხოლოდ 1 გამოუვიდა, ხოლო 10 საჯარიმოდან 7 ჩააგდო. ამის გარდა, მარკოიშვილმა 5 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიითვალა.
რაც შეეხება თავად მატჩს, პირველი მეოთხედი კიეველებმა 8 ქულით (17:9) მოიგეს, თუმცა, მასპინძლებმა შესვენებამდე სხვაობის ნაწილობრივ გაბათილება მოახერხეს და დიდ შესვენებაზე სამქულიანი (32:35) ჩამორჩენით გავიდნენ. “ნიკოლაევის” უპირატესობით ჩაიარა მესამე ათწუთეულმაც და გადამწყვეტი პერიოდის წინ უკვე მასპინძლები აღმოჩნდნენ ლიდერის როლში (47:44). როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ბოლო პერიოდში მარკოიშვილმა შესანიშნავად ითამაშა და კიეველებს შეხვედრა 7 ქულით მოაგებინა – 68:61.
უკრაინის ჩემპიონატში კვლავ ორხელისუფლებიანობაა. 23 ტურის შემდეგ, “ბკ კიევსა” და “აზოვმაშს” 20-20 მოგება აქვთ. ამ უკანასკნელმა შაბათს გასვლით შეხვედრაში “პულსარს” 78:65 აჯობა.