მარკოიშვილმა სტამბოლში “გალათასარაის” 23 ქულა ჩაუგდო

საქართველოს ნაკრების წევრთა გუნდები წარმატებით მიიწევენ „ევროჩელენჯის“ ტურნირზე. წუხელ ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური გაიმართა და ორივე ჩვენიანის გუნდმა – მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმა“ და ტაირონ ელისის „კახასოლმა“ – გამარჯვებები მოიპოვეს.
განსაკუთრებით გამოსარჩევია უკრაინული კლუბის წარმატება, რადგან კიეველების გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მარკოიშვილს მიუძღვის. მას შემდეგ, რაც „ბკ კიევი“ ქართველის გარდა ყველა ლეგიონერმა დატოვა, მანუჩარი მოედანზე გაცილებით მეტ დროს ატარებს და ლიდერი ფუნქციებიც თითქმის მთლიანად მას ეკისრება.
კიეველთათვის უპრინციპულეს მატჩში ქართველმა უკანახაზელმა თავი ისახელა. თურქეთში, სტამბოლურ არენაზე, უკრაინულმა კლუბმა „გალათასარაი“ დაამარცხა და მარკოიშვილმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 23 ქულა მოიხვეჭა. მისი 10 საშუალო სროლიდან 7–მა უწია მიზანს, ხოლო 7 სამქულიანი ცდიდან 3 გამოიყენა. მანუჩარს დაუგროვდა ასევე 4 პასი და 3–3 ჩაჭრა–მოხსნა, ხოლო ბურთი ხუთჯერ დაკარგა.
სტამბოლელები არ ტყდებოდნენ, თუმც მეოთხე ათწუთეულში კიეველებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს, 10 ქულით დაწინაურდნენ და საბოლოოდ 80:73 გაიმარჯვეს.
„ბკ კიევმა“ გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური, თუმც ბოლო ტურში შინ იტალირ „ვირტუსის“ დამარცხებას შეეცდება, რათა საპლეიოფოდ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაისაკუთროს და თან შედარებით სუსტი მეტოქე ირგუნოს.
ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა ქართულად ნატურალიზებული ამერიკელის, ტაირონ ელისის გუნდიც. „კახასოლმა“ გუშინ საკუთარ მოედანზე რუსული „ლოკომოტივი“ 61:74 დაამარცხა და ახლა მეორე ადგილზე იმყოფება. ესპანური გუნდი ბოლო ტურში შინ რუსლსავე „ურალ გრეიტს“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებს.
რაც შეეხება „ლოკომოტივთან“ ჩატარებულ შეხვედრას, ელისმა ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 29 წუთი დაჰყო და 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.
 

ტაირონ ელისმა რუსებს ბურთი ჩაუტენა