მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატში უქულოდ იასპარეზა

მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატში უქულოდ იასპარეზა

თურქეთის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა. ქართველმა უკანახაზელმა „გალათასარაის“ შემადგენლობაში შიდა ჩემპიონატში პირველად ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. მარკოიშვილმა გასულ ოთხშაბათს ევროთასზე ითამაშა და სტამბოლელებს 8 ქულა შესძინა.
 
„გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად „ალიაგა პეტკიმს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 88:87 დაამარცხა. მარკოიშვილმა 14,51 წუთი ითამაშა და 1 პასთან ერთად 1 მოხსნა ჰქონდა. მანუჩარმა ერთადერთხელ შეუტია მეტოქის ფარს, მაგრამ არაზუსტად. სტამბოლელთაგან ყველაზე მეტი – 14 ქულა ამერიკელმა იამონ გორდონმა დააგროვა.
 
14 მოგებითა და 3 მარცხით „გალათასარაი“ მე-2 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 17 თებერვალს, მარკოიშვილის გუნდი „ეფესს“ უმასპინძლებს.