“მარნეულის” პირველი გამარჯვება

“მარნეულის” პირველი გამარჯვება

ჩემპიონატის დებიუტანტმა „მარნეულმა“ პირველი გამარჯვება
იზეიმა. ზაზა გაბისონიას გუნდი დღეს „ვარსკვლავებს“ შეხვდა და მისთვის მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მარნეულელებმა მეტოქეს არაფერი
დაუთმეს და საბოლოოდ 69:48 იმარჯვეს.

ზაზა გაბისონია ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც ქალაქ მარნეულში საკალათბურთო
სექცია ჩამოაყალიბა და თავის გამოცდილებას დიდი ენთუზიაზმით ახმარს ამ ქალაქის
16–წლამდელთა გუნდს. „მარნეული“ აშკარა აუტსაიდერი იყო და აქამდე ყველა შეხვედრა
წააგო, თუმცა მოწესრიგებულობით გაბისონიას გუნდი არავის არ ჩამოუვარდებოდა და აი,
მარნეულელების მონდომებამ ნაყოფიც გამოიღო. 2 ტურის წინ ქვემოქართლელები ახლოს
იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ თელაველებთან ბოლო წამებზე დასანანი მარცხი
იწვნიეს, თუმც დღეს ცხრილში შედარებით მაღლა მყოფ „ვარსკვლავებს“ აჯობეს და
საკუთარ თავს დიდი საჩუქარი გაუკეთეს.

მარნეულელებმა რომ მოიგეს, ამაში ლომის წილი მათ ფორვარდ ბექა
ჯაჯანიძეს მიუძღვის, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა ფარიდან
ასხლეტილი ბურთების მოხსნაში. „ზაზას“ ფორვარდ–ცენტრმა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც
ამას წინათ ესპანეთში წავიდა სათამაშოდ, მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბურთი
მოხსნა – 31 იანვარს „ქუთაისთან“ წაგებულ მატჩში მან 27 მოხსნა მიითვალა. ეს
შედეგი დღეს მარნეულელმა ჯაჯანიძემ გაიმეორა. ამასთან ერთად, მან 28 ქულაც  მოაგროვა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

ჯაჯანიძეს ფარზე ხელი კარგად შეაშველა ვახტანგ ბერიძემ, რომელმაც 23
მოხსნა მოაგროვა. ერთი სიტყვით, ფარზე მარნეულელებს პრობლემა არ ჰქონდათ და
შესაბამისად სხვა პოზიციებზეც გაუიოლდათ თამაში. შედეგად, სოლიდური სხვაობით
გაიმარჯვეს და თავიანთ მშობლიურ მარნეულს გახარებულები დაუბრუნდნენ.

მომდევნო მტჩში ერთმანეთს პირველი ჯგუფის ლიდერები, „აკადემია–1“ და „ორბი“
ხვდებოდნენ. აკადემიელების პირველი გუნდი ერთადერთია მიმდინარე ჩემპიონატში,
რომელსაც წაგება არ განუცდია და ეს სასიამო ტრადიცია გია კაზანჯიანის გუნდმა არც
ამჯერად დაარღვია.

ლერი კვანტალიანი ამ მატჩში ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა.
16–წლამდელთა ნაკრების ცენტრ–ფორვარდმა 31 ქულა დააგროვა და თავისიანებს ყველა
მეოთხედი მოაგებინა. საბოლოოდ აკადემიელებმა 79:62 იმარჯვეს და პირველობა
განიმტკიცეს.

მესამე მატჩში კი „მართვემ“ დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა აუტსაიდერი
„დინამო“. გამარჯვებულთაგან ოთარ ბულიავა გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა და ამდენივე
მოხსნა მიითვალა.