საპლეიოფო მნიშვნელობის მატჩი გაიმართა გუშინ სასოფლო უნივერსიტეტის დარბაზში. ერთმანეთს შეხვდნენ ოთხეულში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდები – „მართვე“ და „სამედიცინო“.
პრინციპში, ჩემპიონატში 6 გუნდია და ოთხეულში მოხვედრის ალბათობაც ყველასთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ ქუთაისელებმა ყველა მატჩი წააგეს და პლეი ოფში გასვლის იმედიც გადაეწურათ.
დანარჩენი 5 გუნდიდან კი რუსთაველებმა უკვე გაინაღდეს პლეი ოფში თამაში და ახლა საკითხავი ისაა, ამ ოთხი გუნდიდან – სამედიცინო, მართვე, მაკაბი, აკადემია – რომელი იქნება ერთი უიღბლო. სერგო იშხნელის გაწვრთნილი „სამედიცინოს“ სატურნირე ვითარება დღევანდელი მარცხის შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. მართალია, „მედიკოსები“ მეორე ადგილზე არიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – მათ ყველა მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული და კონკურენტებზე მეტი მარცხიც განუცდიათ. დღევანდელ მატჩში „სამედიცინოს“ არ გაუმართლა. უფრო სწორად, კახა შენგელიას გაწვრთნილი „მართვე“ თამაშობდა კარგად და თავიდანვე რომ დაწინაურდა, მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია. მართველთაგან ჩინებულად ირჯებოდნენ დავით მუმლაძე და ლევან ტუხაშვილი. პირველი უკანა ხაზიდან ავიწროვებდა „მედიკოსებს“, ხოლო მეორე ფარქვეშ იყო შეუჩერებელი. მუმლაძემ 33 ქულა და 7 ჩაჭრა გაახერხა, ხოლო ტუხაშვილმა 21 ქულას 23 მოხსნაც მოაყოლა.